მთავრობამ განიხილა და მოიწონა „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი“, რომელიც ითვალისწინებს თანხმობის მიღებას სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე, რომელიც 2026 წლიდან გაშენდება. თანხმობას ვენახის გაშენებაზე ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს.
აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, რადიო „კომერსანტის“ ეთერში ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან მეხუზლამ ისაუბრა.
როგორც ირკვევა, 2026 წლიდან, ნებისმიერი ზომის ვენახი, რომელსაც ფერმერი შემოსავლის მიღების მიზნით გააშენებს, სააგენტოსთან უნდა შეთანხმებას. ამასთან, პროცესი სააგენტოსთვის თანხის გადახდას არ ითვალისწინებს.
„თუ ფერმერი ვენახს გააშენებს მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის, რა თქმა უნდა, ის თავისუფალი იქნება, მაგრამ თუ ვენახს შემოსავლის მიღების მიზნით აშენებს, ნებისმიერი ზომის ვენახი შეთანხმებული უნდა იყოს“, - განმარტავს ლევან მეხუზლა.
რაც შეეხება მიზეზებსა და მიზნებს, რის გამოც დღის წესრიგში ასეთი მოთხოვნა დადგა, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს ხარისხიან ყურძენსა და ღვინოზე, მით უმეტეს, რომ მსოფლიოში ღვინის მოხმარება კლებულობს, რაც გარკვეულწილად ჭარბ წარმოებას წარმოშობს.
„სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე წელია, ღვინის მოხმარება კლებულობს, რაც გარკვეულწილად ქმნის ჭარბ წარმოებას. ასევე, წლევანდელი რთვლიდან გამომდინარე, გარკვეული გამოწვევები არის ხარისხის მიმართულებით. საქართველოს, თავისი მასშტაბებიდან, მდგომარეობიდან და მდებარეობიდან გამომდინარე, არ აქვს ფუფუნება, არ აწარმოოს განსაკუთრებული ხარისხის ღვინო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მოვიდა დრო, დავნერგოთ, მათ შორის, ევროპული ქვეყნების გამოცდილება“, - ამბობს ლევან მეხუზლა.
ცნობილია ისიც, რომ საკანონმდებლო ცვლილება არ შეეხება არსებულ მეურნეობებს და სააგენტოსთან მხოლოდ 2026 წლიდან გაშენებული ვენახების შეთანხმება იგულისხმება. ამასთან, უპირატესობა მიენიჭება რეგიონისთვის დამახასიათებელ ჯიშებს.
„რა თქმა უნდა, არავის აეკრძალება, მაგალითად, ალექსანდროულის გაშენება კახეთში, მაგრამ უპირატესობა მიენიჭება რეგიონისთვის, მხარისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ ჯიშებს. ბოლო ათწლეულში ძალიან ბევრი ვენახი გაშენდა, რაც სასიხარულოა, მაგრამ სპონტანური გაშენება ხარისხზე ხშირად უარყოფითად მოქმედებს. გვქონია შემთხვევა, როცა ვენახი თიხნარ ადგილზე გაშენდა და მალევე გახმა. ასევე, რაჭაში გაშენდა ვენახი, რომელიც ვერ ჯდება ხვანჭკარისთვის დაშვებულ ნორმებში. ფერმერმა არ გაითვალისწინა, არ ჩახედა შესაბამის სპეციფიკაციას. შედეგად, მივიღეთ ვენახი, რომელიც ფიზიკურად ვერ მოგვცემს ხარისხიან და მით უმეტეს, დაცული ადგილწარმოშობის ღვინისთვის საჭირო ნედლეულს. სწორედ ამიტომ ხორციელდება ცვლილებები, რომ მსგავსი შეცდომები სრულიად აღმოიფხვრას“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.