"სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის“ დამფუძნებელ მაიკო მურაჩაშვილის შეფასებით, შრომის ბაზარზე კადრების მწვავე დეფიციტის ფონზე, დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერები და გარდამავალი პერიოდის არარსებობა სექტორს მძიმე ტვირთად დააწვება.
[რეგულაცია კადრების დეფიციტს] კიდევ უფრო გააღრმავებს. დეფიციტი კი გამოიწვევს დიდ კონკურენციას, რომელიც ე.წ. Head Hunting-მდე („თავებზე ნადირობა“) მიგვიყვანს - კონკურენცია წავა ერთმანეთთან ხელფასების ზრდით...საბოლოო ჯამში, რაღაცა ზღვარს მიაღწევს ბიზნესი, რომლის იქითაც გადახდა არ შეეძლება“, - აცხადებს გამოცდილი ჰოტელიერი.
BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში არაერთი სასტუმროს მმართველმა ვრცლად ისაუბრა იმ რისკებსა და გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქართული ბიზნესი მიგრაციის შესახებ კანონში შესული ცვლილებების გამო აღმოჩნდება. ჰოტელიერი არ გამორიცხავს, რომ ადგილობრივი სამუშაო ძალის კვალიფიკაციისა და ბაზრის მოთხოვნების აცდენამ, უცხოელების დასაქმების შეზღუდვასთან ერთად, მომსახურების გაძვირება და სერვისის ხარისხის გაუარესება გამოიწვიოს.
შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესული ცვლილებები უკვე ძალაშია, რაც უცხოელებისთვის მთელ რიგ სფეროებში მუშაობის აკრძალვას ან შეზღუდვას გულისხმობს. კერძოდ, მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელები საქართველოში გიდად, კურიერად და ტაქსის მძღოლად ვეღარ იმუშავებენ. დანარჩენებმა კი შრომის უფლების ნებართვა უნდა მიიღონ, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიმართვაა საჭირო — ან თვითდასაქმებულის მხრიდან, ან თავად დამსაქმებლის მხრიდან. თუმცა, ჯერ დამსაქმებელმა უნდა დაასაბუთოს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ვერ იპოვა შესაბამისი კადრი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც მზად იყო ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად.
„ახლა უფრო რთულ ნაწილში შევდივართ“, - აცხადებს „სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის“ დამფუძნებელი. მისი აზრით, კანონს გარდამავალი პერიოდი სჭირდებოდა, რათა ახალი რეგულაცია არც მოსახლეობას და არც დამსაქმებლებს ტვირთად არ დასწოლოდა.
- 1-ელი მარტიდან, ქვეყანაში უცხოელების დასაქმება შეიზღუდა. გიდების, კურიერების და ტაქსის მძღოლების შემთხვევაში კი, საერთოდ აიკრძალა. რა გამოწვევებს ხედავთ თქვენ, როგორც დამსაქმებელი, რომელიც კადრების დეფიციტზე ხშირად საუბრობთ?
- ყოველთვის პოზიტიური [აქცენტით] მიყვარს ხოლმე ინტერვიუს დაწყება და მერე გადავდივარ კრიტიკის ნაწილზე, ამიტომ, ახლაც პოზიტიურით დავიწყებ. გიდების ნაწილში ცალსახად მივესალმები ამ გადაწყვეტილებას და ეს იყო ძალიან აუცილებელი. ამას ტურიზმის სექტორი, ტუროპერატორები და გიდები ძალიან დიდი ხანია ვითხოვდით. საქართველოში საქართველოს შესახებ უნდა მოჰყვეს ქართველმა. ვერავითარ შემთხვევაში ვერ გააცნობს ქვეყანას ისე არაქართველი ადამიანი, როგორც ქართველი გიდი, რომელიც ბუნებრივად გაიზარდა ამ გარემოში, პატრიოტიზმი სულში აქვს და ყველა ნაბიჯი უყვარს. გარდა პატრიოტული კუთხისა, ეს სოციალურადაც მნიშვნელოვანია - ძალიან კარგი გიდების ნაწილი უმუშევარი დარჩა, რადგან ისინი ჩაანაცვლეს სხვა ქვეყნებიდან შემოსულმა ადამიანებმა. თქვენთან ეთერში არაერთხელ მისაუბრია ეკონომიკურ უკუეფექტზეც - როგორ გაედინება ფული, როდესაც ტურ-ოპერატორიც უცხოელია, რომელიც ხშირად არც კი არის დაფიქსირებული. ამ სფეროს ბევრი „შავი ხვრელი“ ჰქონდა და ეს ცვლილება ნამდვილად კარგია.
- თუმცა კერძო სექტორის ნაწილი ხედავს პრობლემას იმ მიმართულებით, რომ ჩვენმა ტურიზმმა გეოგრაფია იცვალა. მაგალითად, ჩინეთიდან და არაბული ქვეყნებიდან ვიზიტები გახშირდა, ამ ენების სპეციალისტი ქართველი გიდი კი ბევრი არ გვყავს და ისე არ მოხდეს, რომ პატრიოტული სულისკვეთება კარგია, მაგრამ ჩინელი ტურისტი ხარისხიანი სერვისის გარეშე დავტოვოთ...
- მესმის, რასაც ამბობთ, მაგრამ ეს საკითხი სხვა ქვეყნებში დიდი ხანია დალაგებულია. მაგალითად, ისრაელს ეს ძალიან კარგად აქვს მოწესრიგებული. ისრაელიდან შემოსული ტურისტების დიდი ნაწილი არ საუბრობს ინგლისურად, რუსულად ან ქართულად. მათ მოჰყვებათ ტურ-ლიდერი, რომელიც საუბრობს ინგლისურად და ქართველი გიდის მონაყოლს მათ მშობლიურ ენაზე უთარგმნის, ეს ტენდენცია უკვე წამოვიდა ჩინეთთან მიმართებითაც...
- ანუ ქართველი გიდი საუბრობს, მაგალითად, ინგლისურად და ჩინეთიდან წამოსული ტურ-ლიდერი თარგმნის?
- დიახ, ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელმაც იცის თავისი ქვეყნის მოქალაქეების ადათები და ჩვევები, ამ ყველაფერს სიმბიოზში მოიყვანს ქართველ გიდთან.
- ანუ, საბოლოო ჯამში, აღსრულება თუ მოხდა, ქართველი გიდები უფრო მეტად დასაქმდებიან?
- დიახ, უფრო მეტად დასაქმდებიან, თუმცა, სავარაუდოდ, შესაძლებელია ფასების მატებასაც ჰქონდეს ადგილი.
- ბუნებრივია, მოთხოვნა როცა იზრდება, იზრდება სერვისის ფასიც. რაც შეეხება რეგულაციის სხვა ნაწილს, სადაც ხედავთ გამოწვევას?
- აი, ეს ნაწილი ძალიან გვაწუხებს. ბიზნესი დიდი ხანია შრომითი რესურსის დეფიციტშია და ამაზე მხოლოდ ტურიზმი არ საუბრობს. კვალიფიციური კადრებიც გვაკლია და უბრალოდ მუშა ხელიც. ეს ნაწილობრივ იმით იყო გამოწვეული, რომ სოციალურად დაუცველთა ნაწილი, რომელიც შრომისუნარიანია, დიდი ხანია იღებს დახმარებას და გადაჩვეულია მუშაობას... როგორც ვიცი, ახლა იწყება ბაზების გადამოწმება და აღმოჩნდა, რომ 8% შეძლებულიც კი ყოფილა, თუმცა ამ ადამიანების კომპეტენციები ბაზარს ხშირად ვერ ერგება და ვერ მოერგება. ბიზნესის აზრია, რომ გარდამავალი პერიოდი აუცილებელი იყო. ცალსახად არ ვეთანხმები არალეგალურ დასაქმებას, მაგრამ კადრის შემოყვანა მარტივი უნდა იყოს და არ ახლდეს ზედმეტი ბიუროკრატია. მაგალითად: სასტუმროების სფეროში, ქვედა რგოლებში (ტექნიკოსები, დასუფთავების დიასახლისები, მიმტანები), ფიზიკურად არ გვყავს ხალხი. ბევრი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო უკვე იყენებს უცხოურ მუშა ხელს, რადგან ადგილობრივი რესურსი არ არის და ჩვენც ვფიქრობდით...
- რა ითვლება ასეთ პოზიციებად?
- ტექნიკოსები, დასუფთავება, მიმტანები... სტუდენტებსაც სჭირდებათ დასაქმება, მეც ვიყავი სტუდენტი საზღვარგარეთ და ვმუშაობდი - ის ქვეყანა ჩემს რესურსს იყენებდა. ჩვენც უნდა შეგვეძლოს ამ რესურსის გამოყენება ბიუროკრატიის გარეშე... ბიზნესს არ აქვს 30-40 დღე ლოდინის დრო, თუნდაც 10 დღის, როცა სეზონი იწყება. ლოდინი მიძვირებს პროცესს, რაც საბოლოოდ აისახება ხარისხზე, ეფექტიანობასა და ფინანსებზე. დავაკვირდებით რამდენად ეფექტიანად იმუშავებს რეგულაციები, მაგრამ ვფიქრობ, გარდამავალი დრო საჭირო იყო... ასევე, სოციალურად დაუცველებისთვისაც მეტი დრო უნდა მიეცათ გადამზადებისთვის. დღესაც მყავს [სოცდაუცველი] თანამშრომლები, რომლებსაც ვუხსნი, რომ მუშაობის დაწყებისთანავე დახმარება არ გაუუქმდებათ და აქვთ შეღავათიანი პერიოდი.
- დიახ, ოთხწლიანი ე.წ. ჯავშნის პერიოდია დაწესებულ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში სოცდაუცველის ქულის გადამოწმება არ ხდება და შესაბამისად, დასაქმების მიუხედავად, მოქალაქე სოცშემწეობას არ კარგავს...
- ოთხი წელი კარგი პერიოდია კარიერული ზრდისთვის. სოციალურ ქსელში ხშირად წერენ, რომ სასტუმროებში დაბალი ხელფასებია, მაგრამ კურორტებზე, როდესაც ადამიანი სხვა გარემოში გაგვყავს, მინიმალური ხელფასი 1950 ლარიდან იწყება - მაგალითად, გუდაურში და [საცხოვრებლით და კვებით უზრუნველყოფილია]
- და მაინც განიცდით კადრების დეფიციტს... BAG-ის კვლევით, ერთ-ერთი მიზეზი მოლოდინების აცდენაა - მოქალაქეს მეტი უნდა, დამსაქმებელი კი ვერ უხდის. ეს ახალი რეგულაცია პრობლემას კიდევ უფრო ხომ არ გაამწვავებს ბიზნესის საზიანოდ?
- რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გააღრმავებს... დეფიციტი კი გამოიწვევს დიდ კონკურენციას, რომელიც ე.წ. Head Hunting-მდე („თავებზე ნადირობა“) მიგვიყვანს - კონკურენცია წავა ერთმანეთთან ხელფასების ზრდით...საბოლოო ჯამში, რაღაცა ზღვარს მიაღწევს ბიზნესი, რომლის იქითაც გადახდა არ შეეძლება... სამწუხაროდ, რეალობა ასეთია: მე არ ვამტყუნებ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრების ღირსეული დონისთვის შესაბამის ანაზღაურებას ითხოვენ. პირიქით, ძალიან გვინდა, ბევრი გადავიხადოთ, მაგრამ ბიზნესს ამის ფიზიკური შესაძლებლობა არ აქვს. ხელფასის გარდა, ჩვენ გვაქვს საგადასახადო ტვირთი და საბანკო ვალდებულებები, რომლებიც, ვფიქრობ, ყველაზე მაღალია ევროპაში. მაგალითად, ესპანეთში, გერმანიასა თუ ამერიკაში პროცენტი გაცილებით დაბალია, ვიდრე ჩვენთან. ბიზნესს უამრავ გამოწვევასთან უწევს გამკლავება, კადრების დეფიციტი კი კიდევ უფრო გაღრმავდება, რადგან ბაზრის მოთხოვნები და ადგილობრივი კადრების კვალიფიკაცია ერთმანეთს სცილდება...
- ანუ ელოდებით ხარჯების ზრდას, სერვისის გაძვირებას და სამუშაო ძალის დეფიციტის გამწვავებას?
- დიახ და საკმაოდ შეირყევა სერვისის ხარისხიც. მოგვიწევს იმ ადამიანების დასაქმება და თავიდან სწავლება, ვინც ამ სფეროში არასდროს ყოფილა. სერვისპერსონად ჩამოყალიბებას კი წლები სჭირდება...
- ეს რეგულაცია იყო ეს რეგულაცია, რაც შრომის ბაზარს სჭირდებოდა და თან სასწრაფოდ?
- ოდესმე უნდა დაწყებულიყო სოციალურად დაუცველების ბაზის გადახედვა და ეს კარგია...
- მე ვგულისხმობ უცხოელების დასაქმების შეზღუდვას - თუ 1-ელ მარტამდე, დამსაქმებელს უცხოელის დასაქმების შემთხვევაში, მხოლოდ მისი პირადი მონაცემების ჯანდაცვის შესაბამის პორტალზე ატვირთვის ვალდებულება ჰქონდა, ახლა ჯერ Worknet-ზე უნდა გამოაცხადოთ ვაკანსია, 10 დღე ელოდოთ ადგილობრივებისგან განაცხადებს, შემდეგ უნდა მიმართოს სამინისტროს უცხოელისთვის „შრომის უფლების ნებართვის“ მისაცემად და 30 დღე ელოდოთ უწყებისგან პასუხს - ან დასტურს, ან - უარს...
- ეს ძალიან დიდი დროა, რომელიც ბიზნესს არ აქვს. ბიზნესის მთავარი კანონი სწრაფი მოქმედებაა და 30-40-დღიანი პერიოდი ვერანაირად ვერ უპასუხებს ბიზნესის საჭიროებებს... ეს რეგულაცია სხვა კითხვებსაც აჩენს - დასაქმების ბაზები აქამდეც არსებობდა და იქიდან არავინ ინტერესდებოდა. მე თუ კადრი დღეს ანუ უკვე გუშინ მჭირდებოდა და ახლა ორი თვე უნდა ველოდო ბიუროკრატიულ პროცესებს, ამასობაში, ტურიზმში სეზონი დამთავრდება. ამიტომ, ამ პროცესს ეფექტიანად ვერ ვხედავ.