აშშ-ისა და ისრაელის ირანზე თავდასხმების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეში შექმნილი კრიზისი გლობალურ ნაოსნობას უდიდეს დარტყმას აყენებს, რადგან ბლოკირებულია 750 გემი, ამის შესახებ Reuters წერს.

კონტეინერმზიდი ოპერატორის, Ocean Network Express (ONE)-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯერემი ნიქსონის განცხადებით, ამ დროისთვის სრუტეში ბლოკირებულ გემებს შორის, დაახლოებით 100 კონტეინერმზიდია.

„კონფლიქტის გამო, მსოფლიო საკონტეინერო ფლოტის დაახლოებით 10% გაჩერებულია,“ - განაცხადა ნიქსონმა ლონგ-ბიჩში გამართულ TPM26 კონფერენციაზე.

პრობლემა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ირანმა იერიშებს უპასუხა და მას საზღვაო კომპანიების მხრიდან ჰორმუზის სრუტეში გამავალი რეისების დაზღვევის შეწყვეტა მოჰყვა. სრუტეზე კი გლობალურად მოხმარებული ნავთობის მეხუთედი და ბუნებრივი აირის უდიდესი ნაწილი გადის.