პერუს დედაქალაქ ლიმას საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცველებმა 3 000-ზე მეტი ტარანტულა აღმოაჩინეს, რომელთა გერმანიაში გადატანას სამი მგზავრი ცდილობდა. ობობები სამ ჩემოდანში, ბინძურ წინდებში იყო დამალული.

პერუს ეროვნული სატყეო და ველური ბუნების სამსახურის (SERFOR) ინფორმაციით, ბარგი ორ გერმანიისა და ერთ პოლონეთის მოქალაქეს ეკუთვნოდა. არალეგალური ტვირთი ხორხე ჩავესის საერთაშორისო აეროპორტში საბაჟო შემოწმების დროს აღმოაჩინეს, როდესაც თანამშრომლებმა ჩემოდნებში უჩვეულო მოძრაობა შენიშნეს.

აღმოჩენილი ტარანტულები განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იყვნენ — მათ შორის იყო კვერცხები, ახლად გამოჩეკილი ობობები და ზრდასრული ინდივიდები. ისინი პერუს სხვადასხვა რეგიონიდან იყო შეგროვებული.

SERFOR-ის წარმომადგენლის, კურა სუარესის განცხადებით, ევროპაში ერთი ტარანტულის ფასი დაახლოებით 500 ევროს აღწევს. შესაბამისად, ამ ტვირთის სავარაუდო ღირებულება შესაძლოა 1.5 მილიონ ევრომდე ყოფილიყო.

სამივე მგზავრი გარემოსდაცვით დანაშაულებთან ბრძოლის სპეციალიზებულმა პოლიციამ დააკავა. მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი წარმოება დაიწყება.

The Guardian-ის ცნობით, ველური ბუნების უკანონო ვაჭრობა მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის შემოსავალს ქმნის და ბიომრავალფეროვნების დაკარგვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად მიიჩნევა.