საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე სამუშაო ვიზიტით ბელგიაში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტთან, სანდრო ლომაძესა და NASCAR-ის ევროპის სერიების პრეზიდენტთან, ჯერომ გაპლისთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, 2027 წლიდან 2030-ის ჩათვლით საქართველო „ევრონასკარის“ მასპინძელი იქნება.
2027 წელს ჩატარდება პირველი სატესტო რბოლა, 2028-30 წლებში კი – ოფიციალური, კალენდარული ეტაპები გაიმართება.
„ევრონასკარის“ სერიების საქართველოში ჩატარების შესახებ NASCAR-ის ევროპის სერიების პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის დროს, მიმდინარე წლის მარტში სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
„ევრონასკარის“ 2026 წლის ჩემპიონები ქართველი მრბოლელები – სანდრო თავართქილაძე და დავით ქაჯაია გახდნენ. სანდრო თავართქილაძემ გამარჯვება „მასტერსის“ კლასში მოიპოვა, დავით ქაჯაიამ კი – „ჩელენჯერ თროფიში“. ევროპული „ნასკარის“ სერიები სეზონზე 12 რბოლას მოიცავს. ტურნირის ჩემპიონებს კი 12-ვე რბოლის შედეგად დაგროვებული ქულებით ავლენენ.
საქართველო 2026 წლის „ევრონასკარზე“ ორი გუნდით იყო წარმოდგენილი. ქართველი მრბოლელები – სანდრო თავართქილაძე და სანდრო ქაჯაია ნიდერლანდური გუნდის, Bleekemolen-ის შემადგენლობაში ასპარეზობდნენ. მრბოლელები ევროპის სერიებზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ. სანდრო ქაჯაიამ NASCAR EURO SERIES-ის ბელგიის ფინალური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა, რვა ეტაპის ჯამში კი „როკი ჩელენჯის“ ვიცე-ჩემპიონი გახდა.
NASCAR-ის ევროპის სერიებზე კერძო სპონსორების მხარდაჭერით იმყოფებოდა ქართული გუნდი „კოლხი”. „კოლხის” შემადგენლობაში დავით ქაჯაია და მარიამ დავითაძე არიან. მარიამ დავითიძე „ლედი ჩელენჯის” კლასს წარმოადგენდა.
NASCAR-ის ევროპის სერიები 2008 წელს დაარსდა და მასში მონაწილეობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან პროფესიონალი ავტომრბოლელები. ქართველი სპორტსმენები „ევრონასკარზე” საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გასულ წელს პირველად ასპარეზობდნენ.