ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურთა წინასწარი ავტორიზაციის სისტემის, ETIAS-ის ამოქმედება კვლავ გადაიდო და მისი დაწყების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

სისტემა 2026 წლის ბოლო კვარტალში უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ევროკავშირის საზღვრებზე შესვლა-გასვლის ელექტრონული სისტემის (EES) დანერგვისას წარმოქმნილმა ტექნიკურმა პრობლემებმა ვადების გადახედვა გამოიწვია.

ETIAS სისტემა გამგზავრებამდე უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ტურისტების წინასწარ შემოწმებას ითვალისწინებს. ETIAS-ის სამოგზაურო ავტორიზაციის საფასური 20 ევრო იქნება. ავტორიზაცია, როგორც წესი, სამი წლის განმავლობაში ან პასპორტის ვადის ამოწურვამდე იმოქმედებს - იმის მიხედვით, რომელი ვადა უფრო ადრე დადგება. ევროპის 30 ქვეყანაში შესასვლელად სამოგზაურო ავტორიზაცია დაახლოებით 1.4 მილიარდ ადამიანს დასჭირდება. მოთხოვნა 60-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებზეც გავრცელდება.