საზღვაო კურორტებზე ახალი სეზონისთვის სამზადისი დაიწყო და პირველი შეკვეთებიც მიიღეს. სექტორში მოლოდინი დადებითია, თუმცა ამინდი მთავარ დაბრკოლებად რჩება. განსაკუთრებით ანაკლიაში უჭირთ, სადაც კურორტი ადგილობრივი დამსვენებლების იმედადაა.
ტარიფები ჯერჯერობით არ იცვლება, თუმცა არ არის გამორიცხული გეოპოლიტიკური პროცესების გავლენა ტურიზმსაც შეეხოს და საფასო პოლიტიკაზე იმოქმედოს.
როგორც ბათუმში მდებარე საოჯახო სასტუმროს მფლობელმა ნინია ბერიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, ივნისიდან
მოთხოვნა გაიზარდა და როგორც შიდა, ასევე უცხოელი ტურისტები კურორტებზე გამოჩნდნენ, თუმცა ამინდის ცვლილების გამო, ჯავშნების გაუქმების რამდენიმე შემთხვევაც იყო. მისი ინფორმაციით, კარგი დასვენებისთვის მაქსიმალურად კარგი პირობებია შექმნილი, ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილია და ამასთან, კურორტი სპორტული და გასართობი ღონისძიებებითაც გამოირჩევა.
,,ბათუმში დასვენება ტურისტებს ყოველთვის იზიდავთ, ქალაქის ინფრასტრუქტურა ნებისმიერი გემოვნების ტურისტის ინტერესს აკმაყოფილებს. შეიძლება, სხვაგან პრობლემა იყოს, მაგრამ ბათუმს დამსვენებელი თითქმის ყოველთვის ჰყავს. ასეა წელსაც, ივნისის დასაწყისიდან დაიწყო ადგილების დაჯავშნა და ერთი კვირაა, დამსვენებლებს ვიღებთ, რაც გვაფიქრებინებს, რომ საინტერესო და აქტიური სეზონი გველოდება. მართალია, უამინდობამ შეგვაწუხა და რამდენიმე ჯავშანი გაუქმდა, მაგრამ წინ მთელი სეზონია. პოლიტიკური დაძაბულობა თუ არ შეგვაფერხებს და ამინდიც ხელსაყრელი იქნება, წლევანდელ სეზონზე დიდ იმედს ვამყარებთ.
ფასს რაც შეეხება, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა, მაგრამ გეოპოლიტიკური პროცესები გვაშინებს. თუკი ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა ფასებზე იმოქმედებს და პროდუქტების გაძვირებას გამოიწვევს, ტურისტულ მომსახურებაზეც რაღაც დოზით მოახდენს გავლენას. ის, რომ საქართველო სტაბილური ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს, ძალიან მნიშვნელოვანია. წინა წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა შეიძლება 30-40%-ით გაიზარდოს. როგორიც არ უნდა იყოს, დადებითი დინამიკა გვექნება", - აღნიშნა ბერიძემ ჩვენთან საუბრისას.
რაც შეეხება ვიზიტორებს, ევროპული ნაკადების სიმცირე როგორც შარშან, წლევანდელი სეზონისთვისაც გამოწვევად რჩება. ქობულეთში მდებარე სასტუმრო ,,მირაჟის" დირექტორის ჟუჟუნა ჯინჭარაძის ინფორმაციით, მოთხოვნაა როგორც პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან, ასევე აზიის სახელმწიფოების მხრიდან არის. უფრო მეტად კი რუსეთის, უკრაინის ა და არაბული ქვეყნების მოქალაქეები აქტიურობენ.
,,შეიცვალა ტურისტების ქცევა, დასვენების მსურველები წინასწარ ჯავშნებს არ აკეთებენ. ამას უფრო გეოპოლიტიკური ვითარებით ხსნიან. რეგიონსა და მსოფლიო მასშტაბითაც დაძაბულობაა და წინასწარ არავინ გეგმავს დასვენებას, ამიტომ პროგნოზი მიჭირს. მთავარია, მშვიდობა იყოს და უსაფრთხო დასვენება შეძლონ. ტურისტები გვყავს როგორც რუსეთიდან და პოსტსაბჭოთა, ასევე არაბული ქვეყნებიდან, გააქტიურდნენ ადგილობრივებიც, დამსვენებლების 50% ძირითადად შიდა ტურიზმზე მოდის", - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს" სასტუმრო ,,მირაჟის" დამფუძნებელმა.
ანალოგიური ვითარებაა ანაკლიაშიც, თუმცა კურორტზე დასვენებას უამინდობა აფერხებს. სასტუმრო ,,თეთრი სახლი ანაკლიაში" დამფუძნებელი მარინე თოდუა ამბობს, რომ სეზონზე კარგად მოქმედებს მუსიკალური ფესტივალები და სხვადასხვა აქტივობა. საწყის ეტაპზე კი უამინდობამ უარყოფითად იმოქმედა და მოთხოვნა ნაკლებია.
,,უამინდობა ძალიან გვიშლის ხელს - ერთი კვირა თუ მუშაობ, მეორე კვირა შესაძლოა, ამინდის გამო ჩაგივარდეს. ამას ხელს უშლის ინფრასტრუქტურის არქონაც, საკმარისია 1-2 დღე იწვიმოს, ვერაფერს სთავაზობ ჩამოსულ სტუმარს დრო რომ გაიყვანოს საინტერესოდ. მეტი კაფე-ბარები უნდა იყოს, ახალგაზრდობისთვის გასართობი ობიექტები. კურორტს ზაფხულობით მუსიკალური ფესტივალები აცოცხლებს. წელსაც გარკვეული ღონისძიებებია დაგეგმილი და ესეც ძალიან დაგვეხმარება ტურისტების მოზიდვაში“, - აღნიშნა მარინე თოდუამ.
როგორ აღმოჩნდა, კურორტი ანაკლია, ძირითადად, მაინც ადგილობრივი დამსვენებლების იმედადაა. როგორც სასტუმრო „ანაკლიას“ დირექტორმა, იოსებ თოდუამ განაცხადა, სასტუმრო 90%-ით უკვე დაჯავშნილია. ძირითადი სტუმრები ადგილობრივი მოსახლეობაა, როგორც შარშან იყო.
„ჩვენი ნომრები საოჯახო სეგმენტზეა გათვლილი. ტარიფები იგივე დავტოვეთ, როგორც გასულ წელს იყო. 260 ლარია ორი ადამიანი საუზმით და ვახშმით და 7 წლამდე ბავშვი კი უფასოა. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა“, - აღნიშნა თოდუამ.
რაც შეეხება პრობლემებს, სასტუმრო „ანაკლიას“ დირექტორი ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა ინფრასტრუქტურას უკავშირდება, რადგან არაფერი გაკეთებულა და იგივე სიტუაციაა, რაც აქამდე იყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის თებერვალში წარადგინა ანგარიში, რომლის მიხედვით, 2025 წლისთვის ტურიზმის სექტორი ზრდის ტენდენციას შეინარჩუნებს და ვიზიტორების რაოდენობა, 2024 წელთან შედარებით, 600 ათასით, ანუ 8%-ით გაიზრდება. მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 2025 წელს 8 მილიონს მიაღწევს.
ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავალი 2024 წელს არსებული 4.4 მილიარდი დოლარიდან 4.7 მილიარდ დოლარამდე მოიმატებს.