რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ წინა წლებთან შედარებით წელს საქართველოში ტურისტების დიდი ნაკადი ინდოეთიდან, ჩინეთიდან და არაბული ქვეყნებიდან ფიქსირდება. შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის სიახლეა, რადგან ამ ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს განსხვავებული მოთხოვნები აქვთ.
,,გეოგრაფიულად დედაქალაქში არის გარკვეულწილად ცვლილებები. ბევრი ტურისტია ჩამოსული ინდოეთიდან, ჩინეთიდან და არაბული ქვეყნებიდან. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის გარკვეულწილად არის სიახლე. სიახლეა იმ ტურისტებთან შედარებით, რომლებიც აქამდე სტუმრობდნენ საქართველოს. ამიტომ შეიძლება რაღაც ხარვეზები დაფიქსირდეს, მაგრამ საერთო სურათი დადებითია.’’- აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ ზემოთ ხსენებული ქვეყნებიდან ტურისტების მზარდ ნაკადებსა და მათ მოთხოვნებს საქართველო შესაბამისად მომზადებული ვერ დახვდა. ის განმარტავს, რომ ინდოეთიდან ჩამოსული დამსვენებლების უდიდესი ნაწილი მშობლიურ კერძებს ითხოვს. შოთა ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ამ გამოწვევის საპასუხოდ საჭირო არ არის არსებული გასტრონომიის და მენიუების შეცვლა. მისი აზრით აზიელ ტურისტებს გამონაკლისის სახით, მრავალფეროვნებისთვის უნდა შევთავაზოთ მათი ქვეყნების სამზარეულო, თუმცა ამის გამო ქვეყანამ არსებული პოლიტიკა არ უნდა შეცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული ტრადიციული კერძებისთვის ადგილი აღარ დარჩება და ტურისტებს ჩვენს ქვეყანას ვერ გავაცნობთ.
,,ვერ დავხვდებოდით შესაბამის მოთხოვნებს. ჩამოსული ტურისტების გარკვეული ჯგუფები ითხოვდნენ, რომ მათი მზარეული ყოფილიყო და სასტუმროებში და დასვენების სხვადასხვა ადგილებში მზარეულებს მათი კერძები მოემზადებინათ. ეს არასწორი მიდგომაა, რომ ჩვენ ასე უნდა მოვიქცეთ. შეიძლება ერთი დღე მათი სურვილების დასაკმაყოფილებლად გაკეთებული იქნეს. მეც მქონდა ასეთი გამოცდილება ,,რედისონ რედში“, სადაც მრავლად იყვნენ ინდოელი ტურისტები. თითქმის მთლიანად შევსებული იყო ინდოეთიდან ჩამოსული ტურისტებით. მათი მოთხოვნა იყო, რომ მათი სამზარეულო ყოფილიყო. მხოლოდ ერთი დღე, ბოლო გამოსამშვიდობებელი დღე დავუკმაყოფილეთ ეს სურვილი და მივეცით შესაძლებლობა და ინდური კერძებით გავუმასპინძლდით. მაგრამ ეს უნდა იყოს მრავალფეროვნებისთვის და ინტერესის დასაკმაყოფილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოიდგინეთ 7 დღით ჩამოსული ტურისტი, რომელიც შვიდივე დღეს ითხოვს მათ გასტრონომიას. ჩათვალეთ, რომ არ დარჩება ადგილი ჩვენი გასტრონომიისთვის, ღვინისთვის, კულტურის გაცნობისთვის. რაც იმას ნიშნავს, რომ ინდოელი გეოგრაფიულად სხვაგან მაგრამ ისევ ინდოეთში მოგზაურობს.’’- აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაფხულის მიმდინარე ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებს. შოთა ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა არსებულ მოლოდინს შეესაბამება. ყველაზე მეტი ვიზიტორი თბილისსა და შავი ზღვისპირეთში ფიქსირდება.
,,ეს პერიოდი, საზაფხულო ტურისტული სეზონი შეიძლება დადებითად შევაფასოთ, როგორც ტურისტების რაოდენობისა და დატვირთულობის კუთხით, ასევე შეიძლება ითქვას, რომ დადებითია მაჩვენებლები. დედაქალაქი წინა წელთან შედარებით ისე არ არის დატვირთული, მაგრამ მოლოდინი რომელიც არსებობდა გარკვეულ წილად გაამართლა. რაც შეეხება რეგიონებს, გამოსაყოფია აუცილებლად შავი ზღვისპირეთი, სადაც ტურისტების რაოდენობა მაღალია. შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინს გადააჭარბა.’’- აცხადებს შოთა ბურჯანაძე.