ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას განცხადებით, ევროკავშირი აცნობიერებს ჰიბრიდულ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც მისი წევრი სახელმწიფოები დგანან და 2030 წლისთვის ერთობლივი რეაგირების შესაძლებლობის შექმნაზე მუშაობს.

ამის შესახებ კოშტამ ლიეტუვაში ქვეყნის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ყველა უდავოდ ვაცნობიერებთ იმ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც ვდგავართ. ჩვენ არა მხოლოდ ჰიბრიდული საფრთხეების წინაშე ვდგავართ, არამედ ვიცით, ჰიბრიდული თავდასხმები ხორციელდება. გვაქვს გეგმა, 2030 წლისთვის მზად ვიყოთ ერთობლივი რეაგირებისთვის და ამ საფრთხეზე ერთიანი პასუხის გასაცემად“, – განაცხადა კოშტამ.

მისივე თქმით, შესაბამისი რეაგირების მომზადების პროცესში ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო, ევროკომისია და სხვა ევროპული ინსტიტუტები არიან ჩართული.

„ყველა წევრი სახელმწიფო, ევროკომისია და ევროპული ინსტიტუტები ერთად მუშაობენ, რათა შევძლოთ იმ საფრთხეებთან გამკლავება, რომლებიც მხოლოდ ცალკეული სახელმწიფოს კი არა, ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას ემუქრება“ – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

მსგავსი შინაარსის განცხადება გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ დობრინდტმა გააკეთა. მისი თქმით, გერმანიის  წინააღმდეგ ჰიბრიდული თავდასხმების საფრთხე შესაძლოა, კიდევ უფრო გაძლიერდეს. როგორც დობრინდტმა განაცხადა, უსაფრთხოების სფეროში ახალი კანონების მიღება წლის ბოლომდე უნდა მოხდეს.