ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად 21-22 ივნისს გაიხსნება. ღონისძიებები დღის 12 საათიდან დაიწყება. ორივე დღეს მთავარ ღონისძიებას ტრადიციულად ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია უმასპინძლებს. ლოკაციის მსგავსად უცვლელი იქნება ფესტივალის სლოგანიც „ზაფხული იწყება აქ“. საფესტივალო სივრცეში სტუმრებს საშუალება ექნებათ დაისვენონ, გაერთონ და მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დაესწრონ. ადგილზე წარმოდგენილი იქნება 150-ზე მეტი მეწარმე, რომლებიც საკუთარი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას გამართავენ.

,,სიმბოლურად ყოველთვის ზღვის სანაპიროზე ბათუმის შუქურასთან, ანბანის კოშკთან გვექნება ულამაზესი სცენა. სპეციალური დეკორაციებით მოწყობილი სივრცე. საინტერესო აქტივობები იქნება, როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. წარმოდგენილი იქნება 150-ზე მეტი მეწარმე თავისი სუვენირებითა და ხელნაკეთი ნივთებით. მოწყობილი იქნება კვების სივრცეები, რომ ვიზიტორებს ადგილზე ჰქონდეთ დაჯდომის, საკვებისა და სასმელის მიღების საშუალება. გვეყოლება ადგილობრივი და მოწვეული ბენდები. 12 საათზე ბათუმის მთელი სანაპირო მოფენილი იქნება ფრანებით. ფრანების შოუ ცალკე ღონისძიებად გაიმართება, რაც ყოველ წელს სეზონის გახსნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. საღამოს ძირითადი ღონისძიებები 19 საათიდან დაიწყება ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან“ საუბარში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ვკითხეთ, წელს დაგვიანდა თუ არა საზაფხულო ტურისტული სეზონის გახსნა. ის განმარტავს, რომ სეზონის გახსნა კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული და ბათუმის სანაპირო სტუმრების აქტიური მიღება როგორც წესი ივნისის შუა რიცხვებიდან იწყება.

,,საზღვაო ტურისტული სეზონის გახსნა, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ამინდზე. შესაბამისად, ზუსტად ამინდის მიხედვით გადაწყდა თარიღი. ყოველთვის შუა რიცხვებში იხსნება. შარშან 13-14-15 ივნისი იყო გახსნის თარიღი.''- აცხადებს თინათინ ზოიძე. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რეგიონი საზღვაო ტურისტულ სეზონს მომზადებული ხვდება. მისი თქმით, როგორც ქალაქს, ასევე მაღალმთიან ზოლს წელს ახალი ტურისტული ობიექტები დაემატა. მათ შორის არის სასტუმროები, კვებისა და გასართობი ობიექტები.

,,რეგიონში გვაქვს ბევრი ახალი ტურისტული ობიექტი. მათ შორის განთავსების ობიექტები, კვებისა და გასართობი ობიექტები. გვაქვს სიახლეები როგორც ზღვის სანაპირო ზოლის კურორტებზე, ამავდროულად მთიან მუნიციპალიტეტებში. გვაქვს ბევრი ახალი მარშრუტი განახლებული სერვისებით და ტურისტული პროდუქტებით. გვაქვს ახალი საოჯახო ტიპის სასტუმროები მთებში. ზღვის სანაპირო ბოლი, ბულვარის მიმდებარე ტერიტორია, ის სივრცეები, რომლითაც სარგებლობენ ვიზიტორები მზადყოფნაშია და განახლებულია. ეს ეხება როგორც საბაზისო ინფრასტრუქტურულ ნაწილს, ასევე გასართობი სერვისების ნაწილს. რეგიონში ასევე გვაქვს ღონისძიებების დატვირთული კალენდარი. ეს არის ფესტივალები, კონცერტები, სხვადასხვა ღონისძიება. თითოეულ სასტუმროში სეზონის გახსნამდე ხდება სერვისების განახლება. ყველა სასტუმრო და ყველა ობიექტი ცდილობს, რომ მომზადებული შეხვდეს სეზონს, განახლებული სერვისებით და განახლებული მენიუებით.’’- აცხადებს თინათინ ზოიძე.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბათუმი მხოლოდ საზღვაო კურორტი აღარ არის და ის ტურისტებისთვის წლის ოთხივე სეზონზე საინტერესო მიმართულებაა.

,,უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმში ტურისტულად მნიშვნელოვანი მხოლოდ საზღვაო სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორია აღარ არის. ქალაქი გახდა 4 სეზონის ტურისტული მიმართულება. ტურისტული ზონაა ასევე ქალაქის შიდა ქუჩები, სკვერები და სხვა სივრცეები. შიდა ქუჩებზეც ბევრი ახალი ობიექტია გახსნილი.’’- აცხადებს თინათინ ზოიძე.