ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, წელს საქართველოში იანვარ-სექტემბერში 5 043 663 საერთაშორისო ვიზიტი შესრულდა, რაც 2019 წლის ვიზიტების რაოდენობას 15.6%-ით ჩამორჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წელს აღდგენა მხოლოდ 84.4%-ია.
რაც შეხება ქვეყნებს, საიდანაც 2024 წლის 9 თვეში საქართველოს ყველაზე მეტად სტუმრობდნენ, პირველ სამეულს საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნები წარმოადგენდნენ, საიდანაც ვიზიტების რაოდენობა ასევე შემცირებულია, თუმცა ვიზიტები გაიზარდა ისეთი ქვეყნებიდან როგორიც არის ისრაელი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ირანი, ბელარუსი და ინდოეთი.
რაც შეეხება ევროკავშირს წელს საქართველომ ყველაზე მეტი სტუმარი გერმანიიდან მიიღო - 62,804 ვიზიტი.
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის თქმით, ამ ციფრების მიუხედავად, დადებითი ტენდენციაა ის, რომ ტურისტების რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით მაინც იზრდება. მაგალითად, ბოლო 9 თვეში საქართველომ 6 მილიონამდე ტურისტი მიიღო.
,,ციფრებით ძალიან დადებითად შეიძლება აღქმადი იყოს ის, რომ სამ კვარტალში ექვს მილიონამდე არის ტურისტი და შესაბამისად, პროგრესირებს ციფრები წინა წლებთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიასთან სიტუაციას არ ვართ დაახლოებული.
ყველაზე მეტად აღსანიშნავი ის ფაქტორია, რომ საქართველოსადმი ინტერესი იზრდება. იზრდება ინტერესი იმ ქვეყნებიდან, რომელიც ჩვენთვის სასურველია. ამას ემატება სხვა ქვეყნები, სადაც პირდაპირი ფრენები იზრდება, ეს ზრდა შეინიშნება ქუთაისშიც და თბილისშიც.
გარდა გეოგრაფიული გარემოსა თუ ისტორიული ძეგლებისა, ჩვენი ქვეყანა საინტერესოა გასტროტურიზმის კუთხითაც, მაგრამ თუ გაგრძელდა ის მდგომარეობა, სადაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხის წინაშე ვართ და ,,გაბრაზებული” გვყავს ჩვენი ევროპელი მეგობრები, არც ტურიზმზე ვილაპარაკებთ და ეგ 6 მილიონი ტურისტი გინდ ყოფილა და გინდ არა“,- აღნიშნა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა.
ბურჯანაძის თქმით, უკვე აღნიშნულ ,,სასურველ ქვეყნებში“ ცხადია, ევროპელი ვიზიტორები მოიაზრებიან. გარდა ფინანსური დანახარჯისა, მათი სტუმრობა მნიშვნელოვნად ეხმარება სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარებისთვის, თუნდაც გამოცდილების გაზიარების კუთხით.
,,ჩვენთვის „მნიშვნელოვანი ქვეყანა“ ცხადია, მხარჯველუნარიანი ტურისტები არიან, რომლებიც ჩამოდიან და ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობას გვაძლევენ.
მეორე კომპონენტია ის, რომ განვითარებული ქვეყნის ტურისტი ჩვენი ქვეყნის ამ მიმართულების დახვეწის შესაძლებლობას გვაძლევს.
ის არის პრეტენზიული ტურისტი, რომელსაც თავისი მოთხოვნები აქვს. ის, რაც 30 წლის განმავლობაში ჩვენს სფეროში განვითარდა და შეიქმნა, სწორედ ამ ტურისტებისთვის კონკურენტუნარიანი სერვისის შეთავაზების შედეგია.
პირდაპირ ვიტყვი, რომ რუსი ტურისტი, რომელიც ჩვენთან ჩამოდის და ჩამოდიოდა, არაფრისმომცემი არ არის. ის არის ადამიანი, რომელიც სხვა კუთხით აკვირდება ჩვენს ქვეყანას და განვითარებისთვის არანაირ შესაძლებლობას არ გვაძლევს. ასეთმა ტურისტმა შესაძლოა თანხა დახარჯოს, მაგრამ ,,დათვურ სამსახურს” გვიწევს. შესაბამისად, ჩვენთვის სასურველი ქვეყნები არიან ის ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებიც საქართველოში ტურისტული ვიზიტისას სფეროს განვითარებას უწყობენ ხელს.
მე სურვილი მექნება ყოველთვის, რომ საქართველო არ იყოს იაფფასიანი ქვეყანა, მდიდარი ქვეყანას იყოს და შესაბამისად მომსახურებაც არა იაფიანი, არამედ მდიდრული გვქონდეს, რათა ეს მოსახლეობაზე აისახოს“,- თქვა შოთა ბურჯანაძემ.
შოთა ბურჯანაძე საავტორო რუბრიკაში ტუროპერატორების ნაწილის პრეტენზასაც გამოეხმაურა. საქმე ეხება იმ ფაქტს, რომ ჩინეთიდან ტურისტული ვიზიტების გააქტიურების ფონზე ქვეყანაში ტურისტული საქმიანობა თავად ჩინურმა კომპანიებმა დაიწყეს, ტურებს თავად გეგმავენ და განთავსების ობიექტებსაც თავად ჯავშნიან. ბურჯანაძის თქმით, ეს ვერც მოკლევადიან და ვერც გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემას ვერ შექმნის.
„ჩვენ ასე არ უნდა შევხედოთ, რომ რაღაცის ინიციატორობა პრობლემას წარმოადგენს. როცა რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელი რამე ბიზნეს, მაგალითად გიდობას დაიწყებს, შემდეგ მის ჩამოტანილ გამოცდილებას ადგილობრივი გამოცდილება მარტივად ანაცვლებს. ნეტავ, ბევრი იყოს უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანი, რომელიც თავის ფირმას აფუძნებს. ის, რომ ამით ასიმილაცია ან სხვა სახის პრობლემები შეიქმნება, ნამდვილად არასწორია“,- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.
ქრისტინა კვაჭანტირაძე