თუ სემეკი ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილებას არ მიიღებს სექტორში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება და ავარიული გათიშვები კიდევ უფრო მოიმატებს - ამის შესახებ განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს. მაია მელიქიძის თქმით, თუ გამანაწილებელი ქსელის განახლება არ დაიწყო, ქვეყანაში დამატებითი გენერაციის ობიექტების აშენებაც აზრს დაკარგავს.

“სიმართლეს უნდა ჩავხედოთ თვალებში და გავუსწოროთ იმ მოცემულობას და რეალობას თვალი, რაშიც ვართ. ჩვენ ყოველთვის გვახსენდება ჩვენი მძიმე მდგომარეობა, როდესაც ქარია, ან ჭარბი თოვლია, ან ვთქვათ წვიმაა და მაშინ ვართ ხოლმე რთულ ვითარებაში. შუქი ქრება საქართველოს ძალიან დიდი ნაწილში და რეგიონებში მაშინ ვამახვილებთ ამაზე მხოლოდ ყურადღებას.

ფაქტია ის, რომ წლების წინ სამი თეთრით გაიაფდა ელექტროენერგია და ახლა უკვე დრო არის იმისათვის, რომ ეს ფასი უნდა გაიზარდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავრჩებით იქ, სადაც ვართ და იცით რას წავაწყდებით? რომ შევქმნით ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებს და საბოლოო ჯამში არ გვექნება გატარების შესაძლებლობა, იმიტომ რომ საქართველოს ძალიან დიდ ნაწილში არის მოძველებული ქსელები და გაცვეთილი არაერთგზის, იმიტომ რომ ეს არის საბჭოთა პერიოდში აშენებული გადამცემი ქსელი.

დრო არის ახლა, რომ ინფრასტრუქტურა გამოიცვალოს, შეიცვალოს და არა ლოკალურად, მხოლოდ და მხოლოდ სადაც არის ხოლმე დაზიანება, ის აღმოვფხვრათ. სრულად. ინფრასტრუქტურა უნდა გამოიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უფრო მეტ კრიზისში შევალთ.

თუ ვთქვათ გაზაფხულს და შემოდგომას მეტ-ნაკლებად გავდივართ, ზამთარი და ზაფხული ყოველთვის იქნება პრობლემატური. რაც უფრო მეტად გადავავადებთ, მით უფრო დავამძიმებთ მდგომარეობას.

ეს არის კერძო სექტორის მიერ დანახული დღევანდელი მოცემულობა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სემეკი (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია) ძალიან სწორად ხედავს ამ რეალობას და არის ობიექტური, სამართლიანი, მიუკერძოებელი იმ ინვესტიციებთან მიმართებაში, რომლის განხორციელების სასიცოცხლო, კრიტიკული და არსებითი მნიშვნელობა უდგას დღეს ენერგეტიკას. ამიტომ ველით, რომ აუცილებლად უნდა გაიზარდოს ტარიფი, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ ამ მოცემულობაში.”-ამბობს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე.

ცნობისთვის, სემეკი დროებით დადგენილი ტარიფის კორექტირებაზე გადაწყვეტილებას მარტის ბოლოს მიიღებს. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ ეტაპზე გარკვეული პარამეტრების დაზუსტება მიმდინარეობს, რაც საბოლოო გადაწყვეტილებაზე აისახება.

მარეგულირებელ კომისიას ტარიფი 2026 წლის დეკემბერში უნდა გადაეხედა. დავით ნარმანია თვეების განმავლობაში აანონსებდა, რომ ელექტროენერგია გაძვირდებოდა, რასაც ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებით ხსნიდა. მოგვიანებით კი კომისიამ მოქმედი ტარიფების 3 თვით შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ელექტროენერგიის ტარიფებს ბოლო სემეკმა 2023 წელს გადახედა. მაშინ არსებული ტარიფი როგორც ბიზნესისთვის ისე საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის 3 თეთრით შემცირდა. აქამდე 0-დან 101 კილოვატის ჩათვლით დენის ტარიფი 15 თეთრი იყო, 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის 19 თეთრი, ხოლო 301 კილოვატზე მეტს ვინც მოიხმარს ტარიფი 23.5 თეთრი.

bm.ge