ევროპელი ლიდერები განიხილავენ შესაძლებლობას, შესთავაზონ დონალდ ტრამპს შეთანხმება, რომელიც მოახდენს გავლენას როგორც ირანის გარშემო არსებულ ვითარებაზე, ისე უკრაინაში მიმდინარე ომზე. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბზე დაყრდნობით ავრცელებს.
სტუბის თქმით, ევროპამ შეიძლება, შესთავაზოს ვაშინგტონს სამხედრო მხარდაჭერა ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სანაცვლოდ კი ვაშინგტონისგან მოითხოვოს უფრო გადამწყვეტი დახმარება უკრაინისთვის, რათა რუსეთთან უფრო მისაღები სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდეს.
„არ მაქვს ილუზიები, თუ ვინ შეიძლება დაარწმუნოს პრეზიდენტი ტრამპი რაიმეში. თუ შევძლებ, რომ ათი იდეიდან ერთი მაინც მივაწვდინო მას უკრაინასთან დაკავშირებით, ამას წარმატებად ჩავთვლი“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
სტუბმა ასევე აღნიშნა, რომ ირანთან დაკავშირებული დაძაბულობის გამო, აშშ-ის რესურსი და ყურადღება უკრაინიდან სხვა მიმართულებით გადადის.
მისი თქმით, ნავთობის ფასების ზრდამ და რუსეთის ენერგოსექტორზე სანქციების შესუსტებამ შეიძლება, გააძლიეროს რუსეთის ფინანსური შესაძლებლობები ომის გასაგრძელებლად.
სტუბის განცხადებით, ამერიკულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს სულ უფრო ხშირად იყენებენ ახლო აღმოსავლეთში, რაც ამცირებს მათ ხელმისაწვდომობას კიევისთვის.
სტუბის თქმით, ეს ყველაფერი ზრდის რისკს, რომ უკრაინა მისთვის არახელსაყრელ სამშვიდობო შეთანხმების გააფორმებს მოსკოვთან, რომელიც შესაძლოა, ტერიტორიულ დათმობებსაც მოიცავდეს.