Galt & Taggart-მა სოფლის მეურნეობის სექტორის ინდექსი და მისი მაკროეკონომიკური ანალიზი წარადგინა.

ინდექსის თანახმად, დარგის გამოწვევას წარმოადგენს ფერმერული მეურნეობების მცირე ზომა, რაც თავის მხრივ პროდუქტიულობის და ეფექტიანობის დაბალი მაჩვენებლის განმაპირობებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოში ერთ ჰექტარზე მოსავლიანობის მაჩვენებელი როგორც ბოსტნეულის, ასევე ხილის და მარცვლოვანი კულტურების შემთხვევაში რეგიონის ქვეყნების შედეგებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.

საქართველოში ერთ ჰექტარზე ხილის მოსავლიანობა 4.8 ტონას შეადგენს, მაშინ როდესაც რუსეთში პროდუქტიულობა ჰექტარზე 10 ტონაა; უკრაინაში 11; სომხეთში კი 11.4 ტონა; ევროკავშირის საშუალო კი 11.7 ტონას შეადგენს.

რაც შეეხება მარცვლოვან კულტურებს საქართველოში ერთ ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობაა 2.8 ტონა; მაშინ როდესაც აზერბაიჯანში 3.4 ტონაა; თურქეთშიც 3.4 ტონა; უკრაინაში 5.1 ტონა; ევროკავშირში კი 5.2 ტონა.

ბოსტნეულის შემთხვევაში საქართველოში საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე არის 11.1 ტონა; უკრაინაში 20.5 ტონა; რუსეთში 29.8 ტონა; აზერბაიჯანში 31.1 ტონა; სომხეთში 35.6 ტონა; თურქეთში კი 42.3 ტონა.

„დაბალი კორპორატიზაცია, ცოდნის ნაკლებობა და ტექნოლოგიური ჩამორჩენა საქართველოში მოსავლიანობის შედარებით დაბალ დონეს განაპირობებს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.