ფედერალურმა მოსამართლემ, როის ლამბერტმა დაადგინა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ უნდა განაახლოს „ამერიკის ხმის“ მაუწყებლობა და 1000-ზე მეტი თანამშრომელი თანამდებობაზე აღადგინოს.
მან აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს მომდევნო კვირის ბოლომდე დაავალა, წარმოადგინოს „ამერიკის ხმის“ მაუწყებლობის განახლების გეგმა. სწორედ ეს სააგენტო ანაწილებს ფედერალურ დაფინანსებას საერთაშორისო მედიასაშუალებებისთვის, რომლებიც ინფორმაციას აწვდიან იმ ქვეყნების მოსახლეობას, სადაც პრესის თავისუფლება არ არსებობს ან შეზღუდულია.
მოსამართლემ თავის განჩინებაში ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის კონგრესმა აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს ამოცანებთან და დაფინანსებასთან დაკავშირებით მკაფიო მოთხოვნები დაადგინა. ამ მოთხოვნების თანახმად, სააგენტოს სამაუწყებლო სამსახურებმა უნდა უზრუნველყონ მოვლენების ობიექტური და სანდო გაშუქება და „მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან რეგიონი“ მოიცვან.
მანამდე, როის ლამბერტმა უკანონოდ ცნო ყოფილი სატელევიზიო წამყვანის კარი ლეიკის გლობალური მედიის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნა. ამ გადაწყვეტილების ძალით, ლეიკის ხელმძღვანელობით ამერიკის ხმის თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება ბათილად ითვლება.
სააგენტო ვალდებულია, 23 მარტამდე თანამდებობაზე აღადგინოს 1 042 თანამშრომელი, რომლებიც 2025 წლის ბოლოდან ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში იმყოფებოდნენ.
ცნობისთვის, 2025 წლის მარტში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს რადიკალური შემცირებების განხორციელება მოსთხოვა. თეთრმა სახლში „ამერიკის ხმას“ „რადიკალური მემარცხენე პროპაგანდის“ გავრცელებაში დასდო ბრალი და განაცხადეს რომ „გადასახადების გადამხდელების ამას აღარ დააფინანსებენ“ ერთი თვის შემდეგ ფედერალურმა მოსამართლე როის ლამბერტმა ტრამპის ადმინისტრაციას „ამერიკის ხმის“ მუშაობის აღდგენა და მისი დაფინანსების განახლება დაავალა, პრეზიდენტის მიერ რადიოსადგურის დახურვა კი უკანონოდ და არაკონსტიტუციურად ცნო.