2019-2025 წლებში საკვები პროდუქტების ბაზარი გაორმაგდა და 2030 წლისთვის ₾30 მილიარდამდე ზრდას ველოდებით; ზრდის მთავარ წყაროდ კი გადამუშავებული პროდუქტების მოხმარება რჩება, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებული სოფლის მეურნეობის სექტორის კვლევაში ვკითხულობთ.
კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში ქვეყანაში ხორცის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ 2016 წელს ქვეყანაში ერთი ადამიანი დაახლოებით 37 კგ. ხორცს მოიხმარდა, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 51 კგ-მდე გაიზადა. თუმცა ზრდის მიუხედავად, ევროკავშირთან შედარებით ქვეყანაში ხორცის მოხმარება კვლავ დაბალი რჩება, რადგან 2024 წელს ევროკავშირში ხორცის საშუალო მოხმარება წელიწადში 79 კგ იყო.
2016 წელთან შედარებით, ასევე გაიზარდა რძის პროდუქტების მოხმარება. 2024 წელს სულზე საშუალოდ 206 კგ რძის პროდუქტები იქნა მოხმარებული, მაგრამ ევროპაში საშუალოდ 237 კგ რძის პროდუქტებს მოიხმარდნენ.
ბოსტნეულის მოხმარებაშიც ევროკავშირთან შედარებით დაბალი მაჩვენებელი გვაქვს და 108 კგ-ს შეადგენს (ევროკავშირში - 176 კგ. ერთ სულ მოსახლეზე).
რაც შეეხება ხილს, 2024 წელს 66 კგ-მდე გაიზარდა ხილის მოხმარება მაშინ, როცა ევროკავშირში 129 კგ-ს შეადგენს.
თუმცა კვლევის მიხედვით, 2016 წელთან შედარებით შემცირებულია ხორბლის მოხმარება 114 კგ-მდე, მაგრამ ევროპაში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 102 კგ-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენთან ხორბლის მოხმარება უფრო მაღალია.
