გასულ წელს, Samsung Galaxy Z Fold 7 ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო დასაკეც სმარტფონად დასახელდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მის მომავალ მემკვიდრეს, Galaxy Z Fold 8-ს, საკმაოდ სერიოზული ძალისხმევა მოუწევს წინამორბედის წარმატების გასამეორებლად.
ფასი და გამოსვლის თარიღი
ტექნოლოგიური სამყაროს ინსაიდერები პროგნოზირებენ, რომ სამსუნგი ახალ ფლაგმანს 22 ივლისს გვიჩვენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყიდვები ტრადიციულად პრეზენტაციიდან მალევე დაიწყება. ფასს რაც შეეხება, შარშანდელი Z Fold 7-ის საწყისი ღირებულება 1,999 დოლარი იყო, რაც თავის მხრივ, $100-ით ძვირი აღმოჩნდა წინა მოდელზე.
Z Fold 8-ის კონკრეტული ფასი ჯერჯერობით ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესებსა და ოპერატიული მეხსიერების ბაზარზე არსებულ კრიზისს, წელს ფასის კიდევ უფრო მეტად გაზრდა სრულიად მოსალოდნელია. საუკეთესო სცენარით, ფასი შესაძლოა კიდევ $100-ით გაიზარდოს, რადგან დღევანდელი საბაზრო პირობების გათვალისწინებით, ძველი ფასის შენარჩუნება ნაკლებად სავარაუდოა.
შეიცვლება თუ არა სახელი?
სამსუნგმა შესაძლოა წამყვან მოდელს Galaxy Z Fold 8 Ultra დაარქვას, სახელი „Z Fold 8“ კი სრულიად ახალ, მესამე დასაკეც მოდელს დაუტოვოს, რომლის პრეზენტაციასაც ასევე ივლისში ელიან. სანამ კომპანია ამას ოფიციალურად არ დაადასტურებს, კლასიკური წიგნისებრი დასაკეცი ფორმატის მემკვიდრეს პირობითად მაინც Galaxy Z Fold 8 ვუწოდოთ, რათა ის ახალ, შედარებით ფართოეკრანიან ვერსიაში არ აგვერიოს.
დიზაინი და კონკურენცია Apple-თან
ინტერნეტში გავრცელებული მაკეტების ფოტოები თითქმის ადასტურებს, რომ ზაფხულში სამი ახალი დასაკეცი სმარტფონი – Z Fold 8, Z Flip 8 და სრულიად ახალი Wide Fold გამოჩნდება. შარშანდელ Fold 7-ს 6.5-ინჩიანი გარე და 8-ინჩიანი შიდა ეკრანი ჰქონდა და, როგორც ჩანს, კომპანია ამ ზომებს ახალ ფლაგმანშიც შეინარჩუნებს.
მთავარი განსხვავება Wide Fold მოდელთან ის იქნება, რომ ახალ, უფრო განიერ ვერსიას 5.4-ინჩიანი გარე და 7.6-ინჩიანი შიდა ეკრანი ექნება, 4:3 ასპექტის თანაფარდობით. სამსუნგის ეს ნაბიჯი პირდაპირი პასუხია Apple-ზე, რომელიც ჭორების მიხედვით, წლის ბოლოს საკუთარ, უფრო განიერი დიზაინის მქონე iPhone Fold-ს ამზადებს. შესაბამისად, წლის მეორე ნახევარში ბაზარზე Z Fold Wide-ისა და iPhone Fold-ის სერიოზულ ორთაბრძოლას უნდა ველოდოთ.
შარშანდელი მოდელი მომხმარებლებში თავისი სისქითა (გადაკეცილ მდგომარეობაში 8.9 მმ, გახსნილში კი 4.2 მმ) და სიმსუბუქით (215 გრამი) გამოირჩეოდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად უფრო თხელი იქნება ახალი ვერსია.
ტექნიკური მახასიათებლები და ბატარეა
შიდა კომპონენტებზე ბევრი ინფორმაცია ჯერჯერობით არ მოიპოვება, თუმცა მთავარი აქცენტი ბატარეის მოცულობაზე კეთდება. წონის შემცირების პარალელურად, სამსუნგი გეგმავს ბატარეა 4,400 mAh-დან 5,000 mAh-მდე გაზარდოს. ვინაიდან წინა მოდელში ელემენტის გამძლეობა ერთადერთი სუსტი წერტილი იყო, ეს ცვლილება მომხმარებლებისთვის უდიდესი პლუსი იქნება. სმარტფონი სავარაუდოდ უახლეს Snapdragon-ის პროცესორზე იმუშავებს, რომლის სიმძლავრეც წლის დასაწყისში წარდგენილ Galaxy S26 სერიაში უკვე ვიხილეთ. ამასთან, ენერგიის მატებასთან ერთად, მოსალოდნელია 45-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერაც.
კამერები
ევროპული წყაროების ცნობით, სამსუნგი საგრძნობლად აუმჯობესებს კამერების სისტემას. ძველ მოდელში არსებული 200-მეგაპიქსელიანი მთავარი, 12-მეგაპიქსელიანი ულტრაგანიერი და 10-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო ლინზების კომბინაციიდან, კომპანია მთავარ მოდულს უცვლელად ტოვებს. თუმცა, ულტრაგანიერი კამერა 12-დან 50 მეგაპიქსელამდე იზრდება, ხოლო ტელეფოტო ლინზა – 12 მეგაპიქსელამდე. თეორიულად, ეს განახლება ბევრად უფრო მკვეთრ და დეტალურ ფოტოებს მოგვცემს. ამას დაემატება ხელოვნური ინტელექტის ფოტო-ედითინგის სრულიად ახალი ფუნქციებიც.
წყარო: Mashable; www.marketer.ge