ხორვატიის ნახევარკუნძული ისტრია მსოფლიოს საუკეთესო ზეთისხილის ზეთის რეგიონად აღიარეს. გადაწყვეტილება საერთაშორისო გზამკვლევმა Flos Olei მიიღო, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ გამოცემად ითვლება უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთების შეფასების სფეროში. 2026 წლის რეიტინგში ისტრიამ ეს ტიტული უკვე მეცხრედ მოიპოვა.

ექსპერტების შეფასებით, ისტრიის წარმატება უნიკალური კლიმატის, ნიადაგის, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმის შედეგია. რეგიონში წარმოებული ზეთები რეგულარულად იმარჯვებენ საერთაშორისო კონკურსებზე და მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებსა და გურმანულ ბაზრებზე ხვდებიან.

Flos Olei-ის შეფასების სისტემაში მსოფლიოს ათეულობით ზეთისხილის მწარმოებელი რეგიონი მონაწილეობს. ისტრია განსაკუთრებით გამოირჩევა იმით, რომ რეიტინგში მოხვედრილი ხორვატიული მწარმოებლების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამ რეგიონიდან არის. წინა წლებში გზამკვლევში შესული ხორვატიული ზეითუნის ზეთების თითქმის ყველა წამყვანი წარმომადგენელი ისტრიაში იწარმოებოდა.

რეგიონის წარმატებას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტიც აქვს. პრემიუმ ხარისხის ზეითუნის ზეთი დღეს ისტრიის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო და ტურისტული პროდუქტია. ადგილობრივი ხელისუფლება და მწარმოებლები წლების განმავლობაში ინვესტიციებს დებდნენ თანამედროვე საწარმოებში, განათლებასა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებაში, რის შედეგადაც ისტრია მსოფლიო ბაზარზე იტალიის, ესპანეთისა და საბერძნეთის ცნობილ რეგიონებს გაუტოლდა.

ისტრიაში ზეთისხილის მოყვანის ტრადიცია ორ ათასწლეულზე მეტს ითვლის. ისტორიკოსების მიხედვით, ამ ტერიტორიაზე ზეთისხილის კულტურა ჯერ კიდევ რომის იმპერიის პერიოდში განვითარდა, ხოლო დღეს რეგიონი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გასტრონომიულ მიმართულებად მიიჩნევა.

ისტრია უკვე წლებია მსოფლიოს საუკეთესო ზეითუნის ზეთის რეგიონებს შორის ლიდერობს და 2026 წლის აღიარებამ კიდევ ერთხელ გაამყარა მისი პოზიცია გლობალურ ბაზარზე