ათწლეულების განმავლობაში, იურიდიული განათლება ერთგვარ უსაფრთხო კარიერულ არჩევნად ითვლებოდა. ბევრი ფიქრობდა, რომ რობოტი ადვოკატს ვერასოდეს ჩაანაცვლებდა. თუმცა, დღეს, მომხმარებლები იურიდიულ კითხვებზე პასუხების მისაღებად სულ უფრო ხშირად მიმართავენ ახალ ტექნოლოგიებს, მათ შორის, გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს. ეს სულაც არ არის გასაკვირი. იურიდიული სერვისების მაღალი ფასი მათ ამერიკელთა უმეტესობისთვის მიუწვდომელს ხდის. ინდუსტრიის მიღმა მყოფი ადამიანები ბაზრის ამ ჩავარდნას ახალ შესაძლებლობად ხედავენ. AI აგენტებით აღჭურვილი ტექნოლოგიური სტარტაპები უკვე მილიარდიან შეფასებებს იღებენ. ხელოვნური ინტელექტის მოდელების ბოლოდროინდელმა ნახტომებმა და ახალმა ფუნქციებმა ბაზარზე ერთგვარი შოკი გამოიწვია. გაჩნდა განცდა, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი იცვლება. ამან ადვოკატების ნაწილს გაუღვივა შიში – ხომ არ მოვიდნენ რობოტები მათ ჩასანაცვლებლად და ხომ არ ნიშნავს ეს იურიდიული პროფესიის დასასრულის დასაწყისს?

სინამდვილეში, ყველაფერი ასე პესიმისტურად არ არის. ახალი ტექნოლოგიების წინააღმდეგ ბრძოლა, დიდი ალბათობით, წაგებული ომია. ამის ნაცვლად, იურიდიულმა სფერომ მანქანებთან ერთად მუშაობა უნდა ისწავლოს. ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ შეუძლიათ შეასრულონ თავიანთი ეთიკური მოვალეობა და უზრუნველყონ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასთვის, შესთავაზონ რა მომხმარებელს მასშტაბური და ხელმისაწვდომი იურიდიული სერვისები.

რა თქმა უნდა, არის გამოწვევებიც. ახალი ინსტრუმენტების ფართო ხელმისაწვდომობა და ის ფაქტი, რომ ათობით მილიონი ამერიკელი იურიდიულ პრობლემებთან მარტო, ადვოკატის გარეშე რჩება, ადამიანებს უბიძგებს ამ პლატფორმების გამოყენებისკენ.

მიუხედავად ამისა, ტრაგიკული რეალობა ისაა, რომ ადამიანები ირჩევენ არა ადვოკატსა და ბოტს შორის, არამედ ბოტსა და საერთოდ არავის შორის. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ისეთ კრიტიკულ სიტუაციებში, როგორიცაა გამოსახლება, დეპორტაციის საფრთხე, იპოთეკის გამო სახლის დაკარგვა ან იდენტობის მოპარვა. დაბალშემოსავლიანი ამერიკელების დაახლოებით 93% და საშუალოშემოსავლიანების ნახევარი მსგავს პრობლემებს სათანადო იურიდიული წარმომადგენლობის გარეშე უმკლავდება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროფესია მსგავსი გამოწვევების წინაშე დგას. მე-20 საუკუნის დასაწყისში ინდუსტრიალიზაციამ უფრო დიდი იურიდიული ფირმების ჩამოყალიბება გამოიწვია. ისეთმა მარტივმა ტექნოლოგიებმა, როგორიცაა ტელეფონი და საბეჭდი მანქანა, პრაქტიკა უფრო ეფექტური გახადა. თუმცა, იმდროინდელმა ელიტამ, პროფესიაში ახალი კადრების დაშვების ნაცვლად, ბარიერები აღმართა. მათ შემოიღეს ძვირადღირებული განათლებისა და რთული გამოცდების მოთხოვნა, რამაც ხელოვნურად გაზარდა სერვისების ფასი. ბევრი ეს ბარიერი დღესაც არსებობს და კვლავ აძვირებს იურიდიულ მომსახურებას.

თუმცა, ამჯერად სიტუაცია განსხვავებულია, რადგან ტექნოლოგიას მართლაც შეუძლია  ჩანაცვლება გარკვეულ სფეროებში. მაგალითად, ონლაინ პორტალი CitizenshipWorks ადამიანებს მოქალაქეობის მიღების პროცესში ეხმარება, ხოლო Depositron ნიუ-იორკელ მდგმურებს ყოფილი მესაკუთრეებისგან უსაფრთხოების დეპოზიტის დაბრუნებაში უწყობს ხელს. ეს ყველაფერი იმ ხარჯების გარეშე ხდება, რასაც ტრადიციული ადვოკატი მოითხოვდა.

ცხადია, არსებობს სიტუაციები, როდესაც ცოცხალ ადვოკატს ვერაფერი ჩაანაცვლებს – მაგალითად, სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ან რთული, კომპლექსური ბიზნესგარიგების დროს. მაგრამ როცა საქმე ბევრად მარტივ იურიდიულ საჭიროებებს ეხება, პროფესიას აქვს ვალდებულება, იპოვოს პრობლემის გადაჭრის გზები, თუნდაც ეს ტრადიციული სამუშაო ადგილების ნაწილობრივ შემცირებას ნიშნავდეს. იურიდიული სისტემის მიზანი ხომ ადვოკატების დასაქმება არაა, მისი მთავარი ფუნქცია ადამიანების დახმარებაა.

დიდი იურიდიული ფირმები უკვე იყენებენ ამ ახალ ინსტრუმენტებს თავიანთი მდიდარი კლიენტების მოსამსახურებლად. თუმცა, თუ მსგავსი ტექნოლოგიები მხოლოდ მაღალშემოსავლიანი სეგმენტისთვის დარჩება ხელმისაწვდომი, ეს უთანასწორობას კიდევ უფრო გააღრმავებს. ამის ნაცვლად, იურიდიულმა პროფესიამ ტექნოლოგიების დახმარებით ხიდები უნდა ააშენოს მათ შორის, ვისაც იურიდიული დახმარება სჭირდება და ვისაც მისი ფინანსური შესაძლებლობა აქვს.

წყარო: Fastcompany;  www.marketer.ge