ჯერ კიდევ 2026 წლის მარტში იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრომ დაისახა მიზანი, შექმნას ძლიერი ადგილობრივი ფიზიკური ხელოვნური ინტელექტის სექტორი და 2040 წლისთვის გლობალური ბაზრის 30%-იანი წილი დაიკავოს. საგულისხმოა, რომ ქვეყანას ინდუსტრიულ რობოტიზაციაში ისედაც მოწინავე პოზიციები უკავია და, სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს გლობალური ბაზრის დაახლოებით 70%-ს სწორედ იაპონელი მწარმოებლები აკონტროლებდნენ.

ისტორიულად, იაპონია ყოველთვის გამოირჩეოდა რობოტების ფიზიკური კომპონენტების შექმნით, თუმცა რამდენად შეინარჩუნებს ის ამ უპირატესობას ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ჯერ კიდევ ღია კითხვაა. იაპონელი ვენჩურული ინვესტორები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა კვლავ ინარჩუნებს სიძლიერეს ისეთ საბაზისო კომპონენტებში, როგორებიცაა აქტივატორები, სენსორები და მართვის სისტემები. პარალელურად კი, აშშ და ჩინეთი ბევრად უფრო სწრაფად ავითარებენ სრულყოფილ სისტემებს, რომლებიც აპარატურას, პროგრამულ უზრუნველყოფასა და მონაცემებს აერთიანებს. ტექნოლოგიური ექსპერტების აზრით, იაპონიის გამოცდილება მაღალი სიზუსტის კომპონენტების შექმნაში სერიოზულ სტრატეგიულ უპირატესობად რჩება, რადგან ეს დეტალები წარმოადგენს კრიტიკულ ფიზიკურ კავშირს AI-სა და რეალურ სამყაროს შორის. ამ შეხების წერტილის კონტროლი გლობალური მიწოდების ჯაჭვში დიდ კონკურენტულ უპირატესობას ქმნის, თუმცა ახლა მთავარი პრიორიტეტი ამ ტექნიკის ხელოვნური ინტელექტის მოდელებთან ღრმა ინტეგრაცია და სისტემური დონის ოპტიმიზაციის დაჩქარებაა.

ამ პროცესებს ზურგს უმაგრებს სახელმწიფო დაფინანსებაც. პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის ხელმძღვანელობით, იაპონიამ უკვე გამოყო დაახლოებით 6.3 მილიარდი დოლარი AI შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რობოტიზაციის ინტეგრაციისა და ინდუსტრიული დანერგვის მხარდასაჭერად. ექსპერიმენტებიდან რეალურ დანერგვაზე გადასვლა უკვე დაწყებულია. ინდუსტრიული ავტომატიზაცია კვლავ ყველაზე განვითარებულ სეგმენტად რჩება, სადაც წლიურად ათიათასობით ახალი რობოტი მონტაჟდება, ძირითადად საავტომობილო სექტორში. ინვესტორები აღნიშნავენ, რომ წარმატების მთავარი ინდიკატორი აღარ არის ვენდორების მიერ დაფინანსებული საცდელი პროექტები, არამედ დამკვეთების მიერ გადახდილი რეალური დანერგვები, საიმედო მუშაობა და პროდუქტიულობის გაზომვადი შედეგები. ლოგისტიკაში უკვე აქტიურად იყენებენ ავტომატიზებულ დამტვირთავებსა და სასაწყობო სისტემებს, ხოლო შენობების მართვაში ინსპექტირების რობოტები მონაცემთა ცენტრებსა და ინდუსტრიულ ობიექტებზეც გამოჩნდნენ. ისეთი მსხვილი კორპორაციები, როგორიცაა SoftBank, პრაქტიკაში უკვე იყენებენ ფიზიკურ AI-ს, აერთიანებენ რა ვიზუალურ-ენობრივ მოდელებს რეალური დროის მართვის სისტემებთან, რაც რობოტებს გარემოს აღქმისა და რთული ამოცანების ავტონომიურად შესრულების უნარს აძლევს.

თავდაცვის სფეროშიც კონკურენტუნარიანობა დამოკიდებულია არა მხოლოდ პლატფორმებზე, არამედ ფიზიკური AI-ით უზრუნველყოფილ ოპერატიულ ინტელექტზე. სპეციალიზებული კომპანიები, მაგალითად Terra Drone, საოპერაციო მონაცემებსა და ხელოვნურ ინტელექტს აერთიანებენ, რათა ავტონომიურმა სისტემებმა რეალურ გარემოში საიმედოდ იფუნქციონირონ და ქვეყნის თავდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყონ ხელი. საინვესტიციო ნაკადებიც ნელ-ნელა სცდება მხოლოდ ტექნიკურ უზრუნველყოფას და კაპიტალი სულ უფრო მეტად მიედინება ორკესტრირების პროგრამების, ციფრული ტყუპების, სიმულაციური ინსტრუმენტებისა და ინტეგრაციის პლატფორმებისკენ.

იაპონიის ეკოსისტემა ტრადიციული ტექნოლოგიური მოდელებისგან განსხვავებულად ვითარდება. იმის ნაცვლად, რომ ერთმა მოთამაშემ სრულად დაიკავოს ბაზარი, ინდუსტრია ჰიბრიდული მოდელის ჩამოყალიბებას ვარაუდობს. მსხვილი, დამკვიდრებული კომპანიები, როგორებიცაა Toyota, Mitsubishi და Honda, უზრუნველყოფენ მასშტაბებსა და საიმედოობას, ხოლო სტარტაპები პროგრამული უზრუნველყოფისა და სისტემური დიზაინის ინოვაციებს ამოძრავებენ. ინდუსტრიის წარმომადგენლები ამ ურთიერთობას ორმხრივად შემავსებელ ეკოსისტემად აღწერენ. რობოტიზაცია მოითხოვს მძიმე ტექნიკის განვითარებას, ღრმა საოპერაციო ცოდნასა და დიდ კაპიტალურ დანახარჯებს. მსხვილი კორპორაციების უზარმაზარი აქტივებისა და სტარტაპების დისრუპციული ინოვაციების შერწყმით, ინდუსტრია მნიშვნელოვნად აძლიერებს თავის გლობალურ კონკურენტუნარიანობას.

თავდაცვის ეკოსისტემაშიც მსხვილი კორპორაციების დომინანტური როლი იცვლება და სტარტაპებთან თანამშრომლობა ღრმავდება. მსხვილი კომპანიები კვლავ ორიენტირებულნი რჩებიან პლატფორმებზე, მასშტაბსა და ინტეგრაციაზე, ხოლო სტარტაპები ავითარებენ უფრო მცირე სისტემებს, პროგრამულ უზრუნველყოფასა და ოპერაციებს, სადაც სისწრაფე და ადაპტაციის უნარი მთავარ კონკურენტულ ფაქტორებად იქცა. კომპანიები ქმნიან პლატფორმებს, რომლებიც ტექნიკურ უზრუნველყოფაზე მაღლა დგას, რაც სხვადასხვა ვენდორის ტექნიკის ავტომატიზაციისა და ინდუსტრიებში მისი სწრაფი დანერგვის საშუალებას იძლევა. საბოლოო ჯამში, როგორც ინვესტორები აჯამებენ, ყველაზე დიდ და მდგრად ღირებულებას ის შექმნის, ვინც დანერგვის, ინტეგრაციისა და უწყვეტი განვითარების პროცესებს დაეუფლება.

წყარო: Techcrunch; www.marketer.ge