პროდუქტების, საწვავისა და მედიკამენტების მაღალი ფასი და ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიის მუშაობა ის საკითხია, სადაც ეკონომისტების აზრები გაიყო.

მაგალითად, ეკონომისტი პაატა შეშელიძე ამ კომისიის მუშაობას მხოლოდ იმ ნაწილში მიესალმება, საზოგადოებამ გაიგოს რეალური მიზეზი, რა იწვევს მაღალ ფასს, ამიტომ კომისიის დასკვნასაც ინტერესით ელოდება.

„პირადად მე საკითხს ასე ვუყურებ. შეიძლება კომისია ერთჯერადად შეიქმნას, რომელიც საკითხს შეისწავლის და დადებს დასკვნას, რა არის მიზეზი, მაგრამ არა იმისთვის, რომ სისტემატური ხასიათი ჰქონდეს ფასების კონტროლს, ანუ ისხდნენ და ითვალონ, ვინ რა ფასად გაყიდა. საინტერესოა, რა დასკვნას დადებს ეს კომისია. ჩემი აზრით, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუკი აღმოაჩენენ, რომ რომელიმე რეგულირება, გადასახადი ან ტექნიკური ბარიერი არსებობს, რაც ხელს უშლის ახალი კომპანიების ბაზარზე შემოსვლას, ძველი კომპანიების უფრო სარფიანად მუშაობას და ამას თუ აღმოაჩენენ, ცუდი არ იქნება. კატეგორიულად მიუღებელი იქნება, კომპანიებს დაავალონ ფასების ზღვრის დადგენა ან ვალდებულებები აჰკიდონ, გინდა თუ არა ასე გააკეთე, ან ისე“, - აღნიშნა შეშელიძემ.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ეკონომისტ სოსო სიმონიშვილს,რომლის მტკიცებით, ფასები მაღალი ან დაბალი კი არა, აუცილებლად საბაზრო უნდა იყოს.

„ჩვენ გვაინტერესებს, რომ ფასები არ იყოს მაღალი, ამის მისაღწევად არსებობს ორი გზა - ერთია ადმინისტრაციული, რომელიც საბჭოთა კავშირში იყო (ცენტრალური საგეგმო და ფასების კომიტეტები), მეორე და უფრო სწორი ვარიანტია ჯანსაღი კონკურენციის გზა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს საუბრობენ, ჩვენთან ჯანსაღი კონკურენცია არ არის. არსებობენ ცალკეული ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც აკონტროლებენ ამა თუ იმ საქონელს. სახელმწიფო აბსოლუტურად არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჯანსაღი კონკურენცია იყოს.

მიზანი ის კი არ არის, ფასები იყოს დაბალი, არამედ, ფასები უნდა იყოს საბაზრო. ჩვენთან არის მონოპოლიები და შედეგად, საქონლის ღირებულება არარეალურად მაღალია. ამას კომისია ვერ უშველის, რატომ? იმიტომ, რომ კარგად იცით, ვინ არიან პარლამენტის წევრები, სწორედ ისინი, ვინც ამ ბიზნესებს ფლობენ“, - აღნიშნა სოსო სიმონიშვილმა.