გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ შაბათს განაცხადა, რომ დროებით შეაჩერა შეთანხმება ჩაგოსის კუნძულებზე სუვერენიტეტის მავრიკის რესპუბლიკისთვის გადაცემის შესახებ. არქიპელაგის კუნძულ დიეგო-გარსიაზე აშშ-ბრიტანეთის ავიაბაზა მდებარეობს. აღნიშნული შეთანხმება წარსულში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა.
გაზეთ The Times-ის ცნობით, შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც კუნძულების მავრიკისთვის გადაცემას ითვალისწინებს მთავრობის მომდევნო საპარლამენტო დღის წესრიგში შეტანილი არ იქნება.
პრემიერმინისტრ კირ სტარმერის ოფისმა განაცხადა, რომ ლონდონი შეთანხმებასთან დაკავშირებით ვაშინგტონისგან ოფიციალური თანხმობის მიღებას კვლავ შეეცდება.
ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დიეგო გარსიას გრძელვადიანი ოპერაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა პრიორიტეტად დარჩება.
"ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა ბაზის გრძელვადიანი მომავლის დასაცავად, თუმცა ყოველთვის ვამბობდით, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაგრძელებდით პროცესს, თუ მას აშშ-ის მხარდაჭერა ექნებოდა. ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობას როგორც აშშ-სთან, ისე მავრიკთან" - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, გასულ წელს დიდმა ბრიტანეთმა მავრიკის რესპუბლიკასთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელს ჩაგოსის კუნძულებზე სუვერენიტეტს გადასცემდნენ. ეს ტერიტორიები ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს. მათ შორისაა კუნძული დიეგო გარსია - ჩაგოსის უდიდესი კუნძული, რომელზეც აშშ-სა და ბრიტანეთის სამხედრო ბაზა მდებარეობს. შეთანხმების მიხედვით, სუვერენიტეტის მავრიკისთვის გადაცემის მიუხედავად, მოკავშირეები ამ ტერიტორიაზე კონტროლს იჯარით შეინარჩუნებდნენ. ბრიტანეთის პრემიერმა, კირ სტარმერმა წარსულში თქვა, რომ იჯარის 99-წლიანი შეთანხმება გაერთიანებულ სამეფოს ყოველწლიურად 101 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდებოდა. 99 წლის გასვლის შემდეგ შეთანხმების 40 წლით გახანგრძლივება იქნება შესაძლებელი.
ჩოგოსის კუნძულებმა მავრიკის შემადგენლობა 1965 წელს დატოვა, როცა ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ ბრიტანეთის კოლონია იყო. ბრიტანეთმა კუნძულები 3 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ იყიდა, თუმცა მავრიკის რესპუბლიკის პოზიციით, მათ კუნძულების გაცემა დამოუკიდებლობის სანაცვლოდ აიძულეს.