ვენესუელა კერძო ინვესტორებს თავის უზარმაზარ მინერალურ რესურსებზე წვდომის უფლებას აძლევს. ეს ხდება აშშ-ის მოთხოვნის შესაბამისად, თანაც - ნავთობის სექტორის ანალოგიურად გახსნიდან სამ თვეზე ნაკლებ დროში. პარასკევს ღამით სააგენტო „ფრანს პრესმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვენესუელის პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი უკვე დაამტკიცა.
ვენესუელას მსოფლიოში ნავთობის უდიდესი მარაგი აქვს და ასევე მდიდარია ოქროთი, ალმასით, ბოქსიტითა და კოლტანით. ეს უკანასკნელი მობილური ტელეფონების, ლეპტოპებისა და სხვა ელექტრონული ნაწარმის დასამზადებლად გამოიყენება. ფრანგული საინფორმაციო სააგენტოს იმასაც შეახსენებს მკითხველს, რომ ეს ლათინოამერიკული ქვეყანა ტრანსფორმაციას განიცდის მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა მისი ავტორიტარული ლიდერი, ნიკოლას მადურო დაამხო.
იანვრის დასაწყისში, აშშ-ის არმიამ სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და მადურო, მეუღლესთან ერთად, კარაკასიდან შეერთებულ შტატებში გაიტაცა, სადაც მას ნარკოტერორიზმში წაუყენეს ბრალი. ამას შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარდაჭერა გამოუცხადა ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესს, რომლის მთავრობაც იძულების წესით თანამშრომლობს ვაშინგტონთან. მადუროს დაპატიმრებიდან მალევე, თეთრი სახლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აშშ-ს სურს, განუსაზღვრელი ვადით აკონტროლოს ვენესუელური ნავთობის გაყიდვა და მისგან მიღებული შემოსავლები.
იანვრის ბოლოს, ვენესუელის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც, პირველად ბოლო რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, კერძო კომპანიებს საშუალებას აძლევს, ნავთობის ინდუსტრიაში სახელმწიფო ჩართულობის გარეშე იმუშაონ. მანამდე ამ სექტორში საქმიანობა მხოლოდ ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანიას ან იმ კომპანიებს შეეძლოთ, რომლებშიც სახელმწიფოს წილი 50 პროცენტზე მეტი იყო.
მადუროს დამხობის შემდეგ მიიღეს კანონი, რომელიც კერძო ინვესტორებს ვენესუელის მინერალებთან წვდომის საშუალებას მისცემს. ეს მოხდა დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, რაც აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივანი, დუგ ბერგამი, რომელიც ენერგეტიკის ეროვნულ საბჭოსაც ხელმძღვანელობს, ვენესუელაში სტრატეგიული რესურსების მოპოვების საკითხის განსახილველად ჩავიდა. „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, ის შეხვდა სამთო კომპანიების 20-მდე აღმასრულებელ დირექტორს, რომლებთან საუბრისას სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი მაღაროების ექსპლუატაციის ლიბერალიზება მოითხოვა.
„ფრანს პრესის“ შეფასებით, ეს კანონი იმ რეფორმის შემადგენელი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ვენესუელის ეკონომიკაზე სახელმწიფოს მრავალწლიანი კონტროლის დასრულებას. თავის მხრივ, „როიტერი“ განმარტავს, რომ საკანონმდებლო ცვლილება ადგილობრივ და უცხოურ სახელმწიფო და კერძო კომპანიებს საშუალებას მისცემს, ვენესუელაში ოქრო და სტრატეგიული მინერალები მოიპოვონ. მართალია, საბადოები კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება, მაგრამ დაინტერესებულ მხარეებს მოპოვების კონცესიების მიღება შეეძლებათ.
შეერთებულმა შტატებმა ვენესუელასთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინა (ჩეხურ ენაზე)
წყარო: 1 არხი