6 თებერვალს ევროკომისიამ TikTok-ის პლატფორმა ევროკავშირის ონლაინკონტენტის წესების დარღვევაში დაადანაშაულა.

ევროკომისიის განცხადებით, პლატფორმას დამოკიდებულების გამომწვევი ფუნქციები აქვს, ისეთები როგორიცაა, ავტომატური ჩართვა, Push შეტყობინებები და მაღალ დონეზე პერსონალიზებული რეკომენდაციების სისტემა.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ TikTok-მა სათანადოდ ვერ შეაფასა, თუ რა გავლენას ახდენს პლატფორმის დიზაინი მომხმარებელთა, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და მოწყვლადი ჯგუფების, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

შედეგად, TikTok-ის მფლობელ კომპანია ByteDance-ს აპლიკაციის დიზაინის შეცვლა დაევალა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას შესაძლოა, ჯარიმაც დაეკისროს, რომლის ოდენობაც კომპანიის გლობალური ბრუნვის 6%-მდე იქნება.

თავის მხრივ, TikTok ევროკომისიის ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ევროკომისიის წინასწარი დასკვნები მცდარი და საფუძველს მოკლებულია.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, TikTok დასკვნების გასასაჩივრებლად ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებს.

tabula.ge