რუსეთიც და შეერთებული შტატებიც აცნობიერებენ, რომ New START-ის ბირთვული არსენალის კონტროლის შესახებ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ქვეყნებმა ბირთვული შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მალე უნდა დაიწყონ. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, აბუ დაბიში გამართულ სამმხრივ მოლაპარაკებებზე აშშ-მა და რუსეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ორივე ქვეყანა 2010 წლის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგაც პასუხისმგებლობით იმოქმედებს.
„რა თქმა უნდა, დებულებები, შეიძლება, როგორღაც ფორმალურად გაგრძელდეს, მაგრამ ამ სფეროში არაფორმალური გაფართოება ძნელი წარმოსადგენია. თუმცა არსებობს გაგება და სხვა საკითხებთან ერთად აბუ დაბიში განიხილეს, რომ ორივე მხარე პასუხისმგებლიან პოზიციას დაიკავებს. ამ საკითხზე სწრაფი მოლაპარაკებების აუცილებლობას ორივე მხარე აღიარებს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ცნობისთვის, New START-ის ბირთვული არსენალის კონტროლის შესახებ ხელშეკრულების ვადა 5 თებერვალს ამოიწურა. ხელშეკრულებას, რომელიც თითოეული მხარის მიერ განლაგებული სტრატეგიული რაკეტების, გამშვები სისტემებისა და ქობინების რაოდენობის შემცირებას ითვალისწინებდა, ხელი 2010 წლის აპრილში მოეწერა.