ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქვეყნის სტრატეგიული მიზანი იუანისთვის გლობალური სარეზერვო ვალუტის სტატუსის მოპოვებაა.
კომუნისტური პარტიის წამყვან იდეოლოგიურ ჟურნალში, „ციუშიში“ გამოქვეყნებულ სტატიაში სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა ძლიერი ვალუტის აუცილებლობა, რადგან ის მომავალში ფართოდ იქნება გამოყენებული საერთაშორისო ვაჭრობაში, ინვესტიციებსა და სავალუტო ტრანზაქციებში.
მისი თქმით, ჩინეთმა უნდა ააშენოს ისეთი ფინანსური სისტემა, რომელიც შეძლებს კონკურენცია გაუწიოს ამერიკული დოლარის ჰეგემონიას და შეამციროს დამოკიდებულება დასავლურ ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე.
ამასთან, პრეზიდენტმა რამდენიმე ძირითადი მიზანიც განსაზღვრა, მათ შორისაა: ძლიერი და სტაბილური ცენტრალური ბანკის განვითარება, გლობალურად კონკურენტუნარიანი ფინანსური ინსტიტუტების შექმნა და ისეთი ფინანსური ცენტრების ფორმირება, რომლებიც გლობალურ ფასწარმოქმნაზე გავლენის მოხდენას შეძლებენ. თავად ეს უკანასკნელი პირდაპირ მიემართება უოლ-სტრიტს, რომელიც პლანეტის ფინანსურ ეპიცენტრად ითვლება.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ გეგმის ნაწილია ციფრული იუანის პოპულარიზაცია და ალტერნატიული საგადასახადო სისტემების განვითარება, რაც ჩინეთს საშუალებას მისცემს, თავი აარიდოს პოტენციურ დასავლურ სანქციებს და გააძლიეროს თავისი გავლენა BRICS-ის ქვეყნებზე.
ხმამაღალი განცხადებების და ამბიციური გეგების მიუხედავად, გლობალურ რეზერვებში ჩინური ვალუტის წილი კვლავ მიზერული 2%-ია, რაც ბევრად ჩამორჩება დოლარის 57%-იან მაჩვენებელს. ასევე მინიმალურია იუანზე მოთხოვნა კაპიტალის ბაზრების და ინვესტიციების კონტექსტში. ერთადერთი მიმართულება, რომელსაც ჩინეთი რეალურად ავითარებს, ეს პირდაპირი ვაჭრობაა პარტნიორ ქვეყნებთან, სადაც იუანის წილი სწრაფად იზრდება, თუმცა ეს საკმარისი არ არის დოლარის ჰეგემონიის დასასრულებლად.