აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა პროკლამაციას, რომელიც დრონებისა და მათი კომპონენტების იმპორტზე ახალ ტარიფებს აწესებს. თეთრი სახლის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზანია უცხოურ მომწოდებლებზე დამოკიდებულების შემცირება და ამერიკული წარმოების გაძლიერება.
25 კილოგრამზე მეტი მაქსიმალური ასაფრენი წონის მქონე დრონებზე, თერმული გამოსახულების სისტემებით აღჭურვილ მოდელებზე, შესაბამის დოკინგ სადგურებსა და გარკვეულ კრიტიკულ კომპონენტებზე 100%-იანი ტარიფი დაწესდება. 25 კილოგრამამდე წონის დრონებისთვის ტარიფი 25% იქნება.
ევროკავშირიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან, ტაივანიდან, შვეიცარიიდან და ლიხტენშტაინიდან შესაბამისი პროდუქციისთვის ტარიფი მაქსიმუმ 15%-ით განისაზღვრება, ხოლო გაერთიანებული სამეფოდან იმპორტირებულ დრონებზე მაქსიმალური განაკვეთი 10% იქნება, თუ პროდუქცია პროკლამაციით განსაზღვრულ წარმოშობის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
ძირითადი ტარიფები 2026 წლის 3 სექტემბრიდან ამოქმედდება. გარკვეული კომპონენტებისთვის 25%-იანი ტარიფი 2027 წლის 9 თებერვლიდან შევა ძალაში.
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის შეფასებით, ქვეყანა დრონებისა და მათი მნიშვნელოვანი კომპონენტების უცხოურ წყაროებზე ზედმეტად არის დამოკიდებული. უწყება განსაკუთრებით ასახელებს ძრავებს, ელექტრონული სიჩქარის კონტროლერებს, ლითიუმიონურ ბატარეებსა და დოკინგ სადგურებს. ადმინისტრაციის განცხადებით, ეს დამოკიდებულება როგორც მიწოდების ჯაჭვის, ისე კიბერუსაფრთხოების რისკებს ქმნის.
ტრამპის ადმინისტრაცია ამ ნაბიჯს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილად განიხილავს და აცხადებს, რომ აშშ-ში დრონებისა და მათი კომპონენტების წარმოების მოცულობა ქვეყნის სამომავლო სამხედრო და კომერციული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის.
წყაროები: