კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო სექტორის კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) გამოთვლის მეთოდოლოგია განაახლა და 2026 წლიდან დაწყებული, მომდევნო მარეგულირებელი პერიოდისთვის, ახალი განაკვეთი დაადგინა, რომელმაც 13.90% შეადგინა. ასევე, ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვას, ქსელის გაუმჯობესებას და დაუსახლებელი ტერიტორიების ათვისებას კომუნიკაციების კომისია 15.90% WACC-ის მინიჭებით დამატებით წაახალისებს.
ComCom-ის მიერ 2017 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში „მობილური და ფიქსირებული ქსელებისთვის კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) დადგენის თაობაზე“ ბოლო ცვლილება 2022 წელს განხორციელდა, რომლითაც დადგინდა კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების შესაბამისი განაკვეთი. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან სამი წლის გასვლის გათვალისწინებით კი, ComCom-მა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული მეთოდოლოგიის გადახედვა და ახალი განაკვეთის განახლება.
აღნიშნულ პროექტში, ComCom-ს საკონსულტაციო მხარდაჭერა გაუწია კომპანია The Brattle group Limited-მა, რომელსაც ევროკომისიასთან მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც მეთოდოლოგიის სიზუსტის, ისე შედეგების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
პროექტის ფარგლებში მიღებული საკონსულტაციო დოკუმენტი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს 2025 წლის დეკემბერში გაეგზავნათ, ასევე, დოკუმენტი გამოქვეყნებული იყო კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე. გარდა ამისა, გაიმართა სამუშაო შეხვედრები ოპერატორებთან, სადაც საკონსულტაციო კომპანიის ექსპერტების ჩართულობით დეტალურად იქნა განხილული განაკვეთის გაანგარიშების მეთოდოლოგია. თავის მხრივ, ოპერატორებმა წარმოადგინეს თავიანთი უკუკავშირი, საიდანაც, რიგ საკითხებზე, კომისიამ მათი არგუმენტაცია გაითვალისწინა.
აღსანიშნავია, რომ WACC დარგის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური ინდიკატორია, ვინაიდან განსაზღვრავს უკუგების იმ გონივრულ მაჩვენებელს, რაც რეგულირებულ ტარიფებში უნდა იქნას გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებისთვის ქსელზე დაშვების ტარიფების განსაზღვრისას და ამასთან, უზრუნველყოფს ბაზარზე დაშვების პირობების სამართლიანობას, კონკურენციის გაჯანსაღებას, ტელეკომ დარგის განვითარებასა და სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე მომხმარებლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.
ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს