საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოს აეროპორტებში 3.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 77.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
ამასთან, გასულ წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 740.2 ათასი მგზავრი და გადატანილია 154.1 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 14.8 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 42.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე.
2025 წელს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრში რეგისტრირებული იყო 62 ერთეული საჰაერო ხომალდი, რომელთა 77.4 პროცენტს სამგზავრო საჰაერო ხომალდები შეადგენდა, ხოლო 22.6 პროცენტს — სატვირთო. სამგზავრო საჰაერო ხომალდების 72.9 პროცენტს 50 ან ნაკლები ადგილი ჰქონდა, 10.4 პროცენტს — 51-150 ადგილი, ხოლო 16.7 პროცენტი იყო 151-250 ან მეტი ადგილით.
2025 წლისთვის საქართველოს აეროპორტებს ჰქონდა 6 ასაფრენი ბილიკი, 59 გამშვები პუნქტი, 26 სამგზავრო გასასვლელი და 2.5 ათასი საპარკინგე ადგილი კერძო ავტომობილებისათვის.