გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს.
ქალაქ გორში მოქალაქეებმა გასაბერი ნავიდან, ელექტოიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს 31 კილოგრამზე მეტი თევზი.
ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა თევზჭერას მოქალაქე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მიმდებარედაც. მას უკანონოდ მოპოვებული ჰქონდა დაახლოებით 1 კილოგრამამდე თევზი. სამართალდამრღვევი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს დაემუქრა და წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც, მის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება.
ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და ორივე ფაქტის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შესაბამის უწყებაში.
ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს; ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით,24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტი, მათ შორის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველო, აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. შედეგად, 2025 წელს, მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ თევზჭერის წესების დარღვევის 57 ფაქტია გამოვლენილი.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს