კომპანია OpenAI-მ 16 იანვარს განაცხადა, რომ იწყება რეკლამების ჩვენების დატესტვა ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტის, ChatGPT-ის უფასო ვერსიის ამერიკელი მომხმარებლებისთვის.
"მომდევნო კვირების განმავლობაში ვგეგმავთ, რომ დავიწყოთ აშშ-ში უფასო და Go დონეებისთვის რეკლამების დატესტვა, რათა უფრო მეტმა ადამიანმა მიიღოს სარგებელი ჩვენი ხელსაწყოებიდან, გამოყენებაზე უფრო ნაკლები შეზღუდვების ან გადახდის საჭიროების გარეშე." - წერია განცხადებაში.
ამასთანავე, კომპანიის მიხედვით, რეკლამებს გავლენა არ ექნება ChatGPT-ს პასუხებზე და ასევე არ მოხდება მომხმარებლებთან საუბრების მარკეტერებთან გაზიარება.
პარალელურად, OpenAI-მ ყოველთვიურად 8 დოლარის ღირებულების მქონე გამოსაწერი დონე "Go" წარადგინა, რომელიც გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს მოიცავს, მათ შორის, უფრო დიდ მეხსიერებასა და სურათების შექმნის მეტ შესაძლებლობას. შედარებისთვის, ChatGPT-ს Plus და Pro დონეები, შესაბამისად, თვეში $20 და $200 ღირს.
ცნობისთვის, კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ალტმანმა ნოემბერში განაცხადა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის OpenAI დაახლოებით $20 მილიარდის წლიურ შემოსავალს მოელოდა.
ამას გარდა, გავრცელებული ინფორმაციით, ChatGPT-ს ყოველთვიურად 800 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, თუმცა, OpenAI შემოსავლების გაზრდის ახალ სტრატეგიებს განიხილავს იმ ფონზე, როცა ალტმანს ნათქვამი აქვს, რომ მომდევნო რვა წლის განმავლობაში კომპანია ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე $1.4 ტრილიონის დახარჯვას აპირებს.
წყარო: tabula.ge