ბათუმი-სარფის 11.3-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის დასრულების ვადები კიდევ ერთხელ გადავადდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ტენდერში წინადადებების მიღება 10 თებერვალს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად წინადადებების მიღება 2025 წლის 22 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, მოგვიანებით კი ვადა 20 იანვრამდე გადავადდა.

პროექტი განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სამშენებლო სამუშაოების ვადა 48 თვეა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმი–სარფის გზის მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს 11.3 კმ-იანი 2 ზოლიანი გზის, 7.6 კმ სიგრძის გვირაბის და 3 ხიდის, აქედან 1.47 კმ სიგრძის ვიადუკისა და 500 მ სიგრძის ზღვის ნაპირის გასამაგრებელი ნაგებობის მშენებლობას.

ბათუმი–სარფის 11.3 კმ-იანი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რომელიც ბათუმის შემოვლით მაგისტრალურ გზას შეუერთდება და საქართველოს საზღვარს თურქეთის რესპუბლიკასთან დააკავშირებს.