ყაზბეგში მდებარე ტურისტული ობიექტი Step Inn-ის განცხადებით, გასულ წელს ტურისტული სეზონის ძირითადი ნაკადები ინდური, რუსული და ისრაელური ბაზრიდან მოდის.

BM.GE-სთან საუბარში ობიექტის დამფუძნებელი ანა ალიბეგაშვილი აღნიშნავს, რომ არასეზონურ პერიოდში, როცა ფასები შედარებით დაბალია, განსაკუთრებით იზრდება ადგილობრივი სტუმრების რაოდენობაც.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში სტუმრების დაახლოებით 60% ქართველები არიან. რაც შეეხება უცხოელებს, ძირითადად ინდოელები არიან, შემდეგ რუსები და ისრაელი მოჰყვება, ხოლო ევროპელები, განსაკუთრებით გერმანელები, უფრო მცირე რაოდენობით მოდიან“, – ამბობს ის და დასძენს, რომ 2024 წელს ტოპ გაყიდვებში საუდის არაბეთი იყო ლიდერი.

რაც შეეხება აზიელ სტუმრებს, მისივე ინფორმაციით, რეგიონში ამ სეგმენტის სტუმრების მხარჯველუნარიანობა დაბალია, რაც განპირობებულია მათი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობით. „მათი ინტერესიც ძირითადად აქტივობებზე არ არის, მით უმეტეს მთიან რეგიონში. ისინი არ სრიალებენ თხილამურებით, არ უყვართ მთამსვლელობა ან კაიაკი. ყველაზე მეტად პარაპლანით ფრენა ხიბლავთ, მაგრამ ისიც მაღალი მოთხოვნით არ სარგებლობს“, – ამბობს ანა ალიბეგაშვილი.

გარდა ამისა, მისი თქმით, ინდოელი სტუმრები უპირატესობას საკუთარი ქვეყნის კერძებს ანიჭებენ ან ინდურ რესტორნებში მიირთმევენ და ნაკლებად ინტერესდებიან ადგილობრივი ავთენტური სამზარეულოთი.

რაც შეეხება განვითარების გეგმას, Step Inn-ი ამ ეტაპზე მოკლე ან საშუალო ვადიანი გეგმის განხორციელებას არ გეგმავს : „არ არის ქვეყანაში ის მდგომარეობა, რომ დამატებით ინვესტიციაზე და გაფართოებაზე ფიქრის საშუალება გვეძლეოდეს. მთავარი პრობლემა კადრების დეფიციტია. მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურება საშუალოზე მაღალია, ინტერესი ნაკლებია, ამიტომ გაფართოებაზე ფიქრი მოკლევადიან პერიოდში არ გვაქვს. სამომავლო გეგმები კი, რა თქმა უნდა, არსებობს“, – დასძენს Step Inn-ის დამფუძნებელი.

bm.ge