იტალია და იაპონია შეთანხმდნენ, რომ ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის თანამშრომლობას გააღრმავებენ. შეთანხმება მოიცავს ქვეყნებს შორის კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვების უზრუნველყოფასა და გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდებას საგანგებო სიტუაციებისას.

ორი ქვეყნის ლიდერმა „სპეციალური სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ განაცხადა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ იტალიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ეს ინიციატივები დროის მოთხოვნებთან შესაბამისი თანამშრომლობაა“ და იგი „სიმბოლურად გამოხატავს იაპონიასა და იტალიას შორის ურთიერთობების გაღრმავებას არსებული საერთაშორისო ვითარების ფონზე“.

„ეკონომიკური უსაფრთხოების კონტექსტში, იმ ფონზე, როცა საერთაშორისო საზოგადოებაში  კრიტიკული მინერალების ექსპორტზე შეზღუდვებთან დაკავშირებით შეშფოთება იზრდება, ჯორჯია და მე სრულად შევთანხმდით, რომ ერთნაირი ხედვის მქონე ქვეყნებისთვის მრავალ ინდუსტრიაში გამოყენებადი კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვების გასაძლიერებლად თანამშრომლობა გადაუდებელი აუცილებლობაა.

ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობა სტაბილურად ვითარდება და ამას მივესალმებით.

ეს კონკრეტული ინიციატივები დროულ თანამშრომლობას ასახავს და სიმბოლურად გამოხატავს იაპონიასა და იტალიას შორის ურთიერთობების გაღრმავებას არსებული საერთაშორისო ვითარების ფონზე“, – განაცხადა სანაე ტაკაიჩიმ.

იტალიის პრემიერმა კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის, ისევე როგორც იაპონიის პრემიერ-მინისტრი, პირველი ქალია, რომელიც საკუთარ ქვეყანას სათავეში ჩაუდგა. მანვე თქვა, რომ ეს ორი ქვეყნის პირველ პირებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს.

„ცხადია, ეს არის შესაძლებლობა იმისთვისაც, რომ გლობალურ დონეზე მიმდინარე მრავალ კრიზისსა და გლობალურ დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე ვიმსჯელოთ, დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის, ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის განმტკიცებისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისადმი. ამასთან, იტალიასა და იაპონიას საერთო ხედვა აქვთ აფრიკის მიმართ.

სანაესა და მე ის ფაქტიც გვაერთიანებს, რომ პირველი ქალები ვართ ჩვენი ქვეყნების სათავეში. ეს, რა თქმა უნდა, დიდი პატივია ჩვენთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა – დიდი პასუხისმგებლობაა. ვფიქრობ, ამ პასუხისმგებლობის ღირსეულად ტარება შეგვიძლია იმ მიდგომის გამოყენებით, რომელიც იაპონურ კულტურაში ერთი სიტყვაშია გადმოცემული. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა. „განბარუ“ – ეს მხოლოდ საკუთარი მაქსიმუმის გაკეთებას არ ნიშნავს – ნიშნავს იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე შეგიძლია, მუდმივად სწრაფვას საზღვრების გადალახვისკენ და უკვე მიღწეულით არასდროს დაკმაყოფილებას. ეს არის სწორი მიდგომა ჩვენი ხალხებისა და ერებისთვის სიკეთის მოსატანად – დიდი ერებისთვის, რომლებიც დიდი ისტორიების მემკვიდრეები არიან და რომელთაც კვლავ შეუძლიათ გახდნენ დიდი ისტორიების მთავარი გმირები“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.

იტალია ბოლო წლებში ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მიმართ მზარდ ინტერესს იჩენს. 2022 წელს იაპონია, დიდი ბრიტანეთი და იტალია გლობალური საბრძოლო საჰაერო პროგრამის ფარგლებში ახალი თაობის ავიაგამანადგურებლის შექმნაზე  შეთანხმდნენ.

იაპონიაში სამდღიანი ვიზიტის შემდეგ ჯორჯია მელონი სამხრეთ კორეაში ვიზიტს გეგმავს.

euronewsgeorgia.com