ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მდებარე თეთროსნის ნაეკლესიარს [შუა საუკუნეები] კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

შესაბამის ბრძანებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თეა ონიანმა ხელი 2026 წლის 14 იანვარს მოაწერა.

ბრძანება 16 იანვრიდან ამოქმედდა.

ამავე ბრძანებით ძეგლის სტატუსი მიენიჭა ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მდებარე არაერთ ობიექტს.

ამ ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა.

თეთროსნის ნაეკლესიარი – ფოტო: სააგენტოს დირექტორის ბრძანებიდან

ვიკიპედიის თანახმად, „თეთროსანი – ისტორიული მონასტერი და კულტურული ცენტრი იყო საქართველოში, ისტორიულად გურიაში, ამჟამინდელ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანს შორის. თეთროსანი არქიტექტურულად შესწავლილი არაა, არც გათხრები ჩატარებულა ამ მიდამოებში…”

თეთროსნის ტაძარი დღეს აღარ არსებობს.

“1944 წლისათვის ის ეკალ-ბარდებში იყო ჩაფლული და გადარჩენილი იყო მხოლოდ ორი კედლის ფრაგმენტი: შედარებით უკეთ შემონახული იყო ჩრდილო–აღმოსავლეთის კედლის ნაშთი (სიგრძე 7 მეტრამდე, სიმაღლე 6,5 მეტრამდე), ხოლო ბევრად ცუდად – ჩრდილო-დასავლეთის კედელი (სიმაღლე 4,5 მეტრამდე);

ნასაყდრალის კედელი ნაგები იყო რიყის ქვით, ხოლო სარკმლის ზემოთ დატანებული ჰქონდა თლილი ქვები. კედელი სქელი იყო და 2 მეტრამდე აღწევდა; იგი ადრე თლილი და მოჩუქურთმებული ქვებით იყო შემოსილი.

ნასაყდრალს ემჩნევა, რომ იგი ბევრჯერ დანგრეული და განახლებული უნდა იყოს. ის სავარაუდოდ დაინგრა მხარის ოსმალეთის იმპერიის მიერ მიტაცების შემდეგ (1728 წ.)“,  ვკითხულობთ ვიკიპედიაში.

batumelebi.netgazeti.ge