ნატო-ს წევრი რამდენიმე ქვეყანა გრენლანდიაში მცირე რაოდენობით სამხედროებს აგზავნის და დანიასთან ერთად, ერთობლივ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კი არქტიკული კუნძულის ანექსიის შესახებ მუქარას ამკაცრებს და ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს.

ტრამპის განცხადებებმა ტრანსატლანტიკურ ალიანსში სერიოზული რყევები გამოიწვია, რადგან პირველად დადგა ღიად საკითხი იმის შესახებ, რომ ნატო-ს წევრმა სახელმწიფომ, შესაძლოა, ალიანსის სხვა წევრის ტერიტორიაზე მიიტანოს იერიში. გრენლანდია დანიის სამეფოს ეკუთვნის და მასზე ალიანსის კოლექტიური თავდაცვის მუხლი ვრცელდება.

ევროპული სოლიდარობის დემონსტრირება

დანიამ, რომელიც გრენლანდიის თავდაცვაზეა პასუხისმგებელი, გაავრცელა გაფრთხილება, რომ თავდასხმა, ფაქტობრივად, ნატო-ს დასასრულს ნიშნავს. ოფიციალური კოპენჰაგენი აცხადებს, რომ კუნძულზე თავის სამხედრო ყოფნას „მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობის“ გზით გააძლიერებს.

ამ კონტექსტში, გერმანიამ, შვედეთმა, საფრანგეთმა და ნორვეგიამ დაადასტურეს, რომ ამ კვირის ბოლოს, გრენლანდიაში, დანიურ ძალებთან ერთობლივი წვრთნებისთვის, სამხედრო პერსონალს აგზავნიან. პარალელურად, კანადამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ უახლოეს კვირებში გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში საკონსულოებს გახსნიან.

მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი წვრთნები ნატო-ს წევრი ქვეყნების მონაწილეობით უჩვეულო ამბავი არ არის - განსაკუთრებით არქტიკაში, სადაც ბოლო წლებში სამხედრო აქტივობა გაიზარდა - ევროპული ქვეყნების განცხადებების დრო და სიმბოლიზმი, ალიანსში არსებული უპრეცედენტო დაძაბულობის ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ხალხი ნუუკის ქუჩაში, გრენლანდია, 2025 წლის 24 მარტი. გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა 2026 წლის 14 იანვარს განაცხადა, რომ ახლა არქტიკული კუნძულის მომავალ დამოუკიდებლობაზე საუბრისა და თვითგამორკვევის უფლების საფრთხის ქვეშ დაყენების დრო არ არის, რადგან აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი მუქარას აძლიერებსფოტო: ჯულიეტ პავი / სააგენტო „ფრანს პრესი“

გრენლანდიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პიტუფიკის კოსმოსურ ბაზაზე აშშ-ს უკვე ჰყავს 150-მდე სამხედრო. მსოფლიოს უდიდესი კუნძულის გაკონტროლების ამბიციაზე დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „გრენლანდიასთან დაკავშირებით რაღაცას მოვიმოქმედებთ, უნდათ მათ ეს თუ არა“.

პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან ხაზი გაუსვა, რომ „ნატო უფრო ძლიერი გახდება, თუ გრენლანდია შეერთებული შტატების ხელში იქნება“.

რეაქციები და დიპლომატიური კონტაქტები

ბერლინმა გამოაცხადა, რომ დანიის მიწვევით, 13 ჯარისკაცისგან შემდგარ სადაზვერვო ჯგუფს გრენლანდიაზე „ფაქტების დადგენის მისიით“ აგზავნის. ოპერაცია „არქტიკული გამძლეობის“ (Arctic Endurance) მომზადებაში შვედეთიც მონაწილეობს, ხოლო საფრანგეთი და ნორვეგია პერსონალის შეზღუდულ რაოდენობას გამოყოფენ.

დანიის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდასხმის სცენარს „სრულიად ჰიპოთეტური“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ძალიან ნაკლებსავარაუდოა, ნატო-ს ერთმა სახელმწიფომ მეორეზე მიიტანოს იერიში“.

ეს მოვლენები დანიელი და გრენლანდიელი მაღალჩინოსნების აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან ვაშინგტონში შეხვედრის პარალელურად ვითარდება. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, „გულწრფელი და კონსტრუქციული“ მოლაპარაკებების მიუხედავად, „ფუნდამენტური უთანხმოება“ კვლავ რჩება.

თუმცა, მხარეები შეთანხმდნენ მაღალი დონის ჯგუფის შექმნაზე, რომელიც მხარეთა პოზიციების თანხვედრის შესაძლო წერტილებს შეისწავლის.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ანანდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ქვეყნის „მტკიცე მხარდაჭერა“ დანიისა და გრენლანდიის სუვერენიტეტის მიმართ, საფრანგეთმა კი გამოაცხადა, რომ 6 თებერვალს ნუუკში ოფიციალურად გახსნის საკონსულოს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ აშშ-ს მუქარის შეწყვეტისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ „ნატო-ს წევრზე თავდასხმა თავად შეერთებული შტატების ინტერესებს ეწინააღმდეგება“.

წყარო: 1 არხი