რუმინეთის შემოსავლები მცირდება, ხარჯები იზრდება. ეს დასკვნა რუმინეთის ეროვნული სტატისტიკის ინსტიტუტის კვლევიდან გამომდინარეობს
რუმინეთის ეროვნული სტატისტიკის ინსტიტუტის მიერ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რუმინელების შემოსავლები მცირდება, ხოლო ხარჯები იზრდება.
მონაცემების მიხედვით, 2025 წლის მესამე კვარტალში მოსახლეობის მთლიანი საშუალო თვიური შემოსავალი შეადგენდა 1850 ევროს ერთ შინამეურნეობაზე და 744 ევროს - ერთ სულ მოსახლეზე.
2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შინამეურნეობის მთლიანი საშუალო თვიური შემოსავალი 14.1 პროცენტით შემცირდა, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე - 14.9 პროცენტით.
2025 წლის მესამე კვარტალში მოსახლეობის მთლიანმა საშუალო თვიურმა ხარჯებმა შეადგინა 1587 ევრო ერთ შინამეურნეობაზე და - 638 ევრო ერთ სულზე, რაც მთლიანი შემოსავლის 85.8 პროცენტია.
2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხარჯები გაიზარდა 15.2 პროცენტით (ერთ შინამეურნეობაზე) და 16 პროცენტით - ერთ სულ მოსახლეზე.
ქალაქის ტიპის დასახლებებში საშუალო თვიური ხარჯი შინამეურნეობაზე იყო 1789 ევრო, რაც 1.3-ჯერ აღემატება სოფლის მოსახლეობის მაჩვენებელს. ქალაქში მცხოვრები ადამიანი კი საშუალოდ თვეში ხარჯავს 758 ევროს, ანუ 1.5-ჯერ მეტს, ვიდრე სოფლად მცხოვრები.
რუმინელები ყველაზე მეტს ხარჯავენ საკვებსა და უალკოჰოლო სასმელებზე - 305 ევრო. მას მოსდევს საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიის, გაზისა და სხვა საწვავის ყოველთვიური ხარჯები, რაც შეადგენს 144 ევროს შინამეურნეობაზე. 72 ევრო იხარჯება ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე.
სატრანსპორტო ხარჯები შინამეურნეობაზე შეადგენს 67 ევროს, ხოლო ჯანდაცვის ხარჯები - 66 ევროს.
საშუალო თვიური ხარჯების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა განათლებაზე, რაც ერთ შინამეურნეობაზე მხოლოდ 2.55 ევროს შეადგენს.
ეროვნული სტატისტიკის ინსტიტუტის კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ ქალაქებში გადასახადებზე, შენატანებსა და მოსაკრებლებზე გაწეული ხარჯების წილი 7.8 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალია, ვიდრე სოფლად.
წყარო: 1 არხი