Amazon შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის კომპანიებს გამომცემლების კონტენტთან ლეგალური წვდომის მოპოვებაში დაეხმაროს. კორპორაცია განიხილავს სპეციალური მარკეტფლეისის შექმნას, რომელიც მედიაკომპანიებს საშუალებას მისცემს, საკუთარი კონტენტი AI-კომპანიებზე პირდაპირ, ლიცენზირებული სახით გაყიდონ.
ირკვევა, რომ კომპანიის წარმომადგენლები უკვე მართავენ შეხვედრებს გამომცემლებთან, ხოლო AWS-ის კონფერენციის წინ გავრცელებულ პრეზენტაციებში უკვე ფიგურირებს ტერმინი „კონტენტის მარკეტფლეისი“. მართალია, Amazon-მა გეგმები ოფიციალურად არ დაადასტურა, თუმცა არც უარყვია; მათ მხოლოდ ის განაცხადეს, რომ გამომცემლებთან უკვე აქტიურად თანამშრომლობენ ისეთი მიმართულებით, როგორიცაა AWS, სარეკლამო სერვისები და Alexa, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული სიახლის გაზიარებისგან თავი შეიკავეს.
ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ გამომცემლებსა და AI-კომპანიებს შორის ურთიერთობა სულ უფრო იძაბება და საავტორო უფლებების დარღვევის გამო სასამართლო დავების რიცხვი იზრდება. უკვე არაერთხელ გაჟღერდა ბრალდებები არაკომერციული ვებარქივის, Common Crawl-ის მისამართით, რომელსაც ძირითადი AI-დეველოპერები იყენებენ. მას ფასიანი ჟურნალისტიკის გვერდის ავლით მონაცემთა შეგროვებაში ადანაშაულებენ, რასაც ორგანიზაცია უარყოფს. პარალელურად, ისეთი AI-ბრაუზერები, როგორიცაა ChatGPT, Atlas და Perplexity, მომხმარებლის ტრაფიკში „შერევით“ ახერხებენ დახურული სტატიების წაკითხვას.
ვითარებას კიდევ უფრო ართულებს Google-ის რადიკალური პოზიციაც: თუ გამომცემლებს არ სურთ, რომ მათი მასალები AI-ს საწვრთნელად გამოიყენონ, მათ საერთოდ უნდა თქვან უარი Google-ის ძიების შედეგებში გამოჩენაზე. მედიის წარმომადგენლები შექმნილ ვითარებას „ტრაფიკის აპოკალიფსს“ უწოდებენ, რადგან AI-ს მიერ გენერირებული მოკლე შინაარსები მათ კლიკებსა და შემოსავალს ართმევს.
სწორედ ამიტომ, ცენტრალიზებული მარკეტფლეისი შესაძლოა იქცეს მონეტიზაციის უფრო მასშტაბურ და სტრუქტურირებულ გზად, რაც ბევრ აღმასრულებელ დირექტორს გამოსავლად მიაჩნია. ჯერჯერობით უცნობია, რეალურად გაუშვებს თუ არა Amazon ამ პლატფორმას, თუმცა ფაქტია – წლების განმავლობაში მიმდინარე ქაოსური მონაცემების შეგროვებისა (Scraping) და დავების შემდეგ, ტექნოლოგიური გიგანტები მზად არიან, ინტერნეტს ფასი დაადონ.
წყარო: Mashable; www.marketer.ge