კიდევ ერთმა ღამემ დაამტკიცა, რომ რუსეთი არ იმსახურებს გლობალური პოლიტიკის შემსუბუქებას ან სანქციების მოხსნას. რუსეთი ომზე დებს ფსონს და პასუხი ზუსტად ასეთი უნდა იყოს: უნდა დავიცვათ სიცოცხლე ყველა არსებული საშუალებით და ასევე უნდა განვახორციელოთ ზეწოლა მშვიდობისთვის იმავე სრული ძალით, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას.

„მადლობელი ვარ მსოფლიოში ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ გზით ჩვენთან ერთად მუშაობს და ვინც დროულად და ყოვლისმომცველად ეხმარება უკრაინას, სრულად აცნობიერებს, რომ მხარდაჭერის ყოველი აქტი ნამდვილად მნიშვნელოვანია სიცოცხლის გადასარჩენად. მადლობას ვუხდი გერმანიას, ნორვეგიას და იტალიას, რომლებთანაც უკვე მივაღწიეთ ახალ შეთანხმებებს ჩვენი საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერის შესახებ. ჩვენ ვმუშაობთ ნიდერლანდებთან დამატებით მარაგებთან დაკავშირებით“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები ოდესაში, კიევსა და დნიპროში, მათ შორის, 12 წლის ბავშვი. ამასთან, დაშავებულია 100 ადამიანი.

„რუსეთზე ზეწოლა უნდა მუშაობდეს და მნიშვნელოვანია, რომ უკრაინისთვის მიცემული ყველა დაპირება დახმარებასთან დაკავშირებით დროულად შესრულდეს. პარტნიორების მხრიდან უკვე გამოცხადებულია მრავალი პოლიტიკური ვალდებულება, მაგრამ ჯერ არ შესრულებულა - მათ შორის რამშტაინის ფორმატში და ორმხრივ საფუძველზე. დავავალე საჰაერო ძალების მეთაურს, დაუკავშირდეს იმ პარტნიორებს, რომლებმაც ადრე აიღეს ვალდებულება Patriot-ისა და სხვა სისტემებისთვის რაკეტების მოწოდებაზე. ველოდები ანგარიშს შედეგების შესახებ“, - წერს ზელენსკი.

წყარო: ipn.ge