მსხვილი მწარმოებლების დაახლოებით 97%-ს თაფლის მარაგები უკვე გაყიდული აქვს, პროდუქტი შემორჩენილი აქვთ მხოლოდ მცირე მეფუტკრეებს, რომლებიც ცდილობენ, თაფლი მაღალ ფასში გაყიდონ.

როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი ალეკო პაპავა განმარტავს, ახალ სეზონზე დაახლოებით 3 ათასი ტონა თაფლის წარმოება იქნება შესაძლებელი, რაც დიდწილად ამინდებზეა დამოკიდებული. რეალურად კი შიდა ბაზარზე მოთხოვნა გაცილებით მაღალია.

„საქმე ის არის, რომ ჩვენ ვიყენებთ ჩვენი შესაძლებლობების, რესურსების მხოლოდ 40%-ს. შეგვიძლია, წარმოება 3-ჯერ გავზარდოთ სულ რაღაც 2-3 წელიწადში. შედეგად, წარმოიქმნება ჭარბი რაოდენობის პროდუქტი, რომელიც რა თქმა უნდა, ექსპორტზე უნდა იყოს ორიენტირებული. მით უმეტეს, რომ ხარისხის გაზრდის გათვალისწინებით, დაინტერესება საზღვარგარეთის ქვეყნებიდან დიდია.

ამ ეტაპზე ფასები დაახლოებით 15-20%-ით არის გაზრდილი. თუ სეზონმა გაგვიმართლა და ჭარბი პროდუქტი გვექნა, ფასების ცოტა კორექცია შეიძლება, მაგრამ მაინც არ მგონია, ასე მოხდეს, რადგან პროდუქტი დეფიციტშია. ვვარაუდობ, რომ ფასები ყოველ წელს 10-15%-ით  გაიზრდება. თუ ამინდებმა გაგვიმართლა, თავისუფლად შეგვიძლია, 3 ათას ტონას გავცდეთ, თუმცა მოთხოვნა ამ მაჩვენებელზე მეტია“, - აცხადებს ალეკო პაპავა.