მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილები, როგორც წესი, ლიმიტირებული ახალი სუპერმანქანები კი არა, არამედ აუქციონზე გაყიდული ექსკლუზიური მოდელებია, რომლებიც უფრო რეტრომობილებია. თუმცა 2025 წელს თანამედროვე მოდელებიც მაღალი ფასებით სარგებლობდა.

focus.ua-მ 2025 წლის 10 ყველაზე ძვირადღირებული მანქანა გამოავლინა, რომელთა ფასიც 10 მლნ დოლარს აჭარბებს.

ფორმულა1-ის ბოლიდი, Mercedes W196 Strommlinienwagen გასული წლის ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილია. ის გერმანიაში RM Sotheby's-ის აუქციონზე 54 მლნ დოლარად გაიყიდა. ამ უნიკალურ მოდელს დახურულბორბლებიანი კორპუსი აქვს, რაც ფორმულა 1-ისთვის არატრადიციულია. მანქანას ინოვაციური 2.5-ლიტრიანი V8-ძრავა აქვს, რომელიც 290 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-ია. სულ მხოლოდ ოთხი Mercedes W196 Strommlinienwagen იქნა წარმოებული.

მეორე ადგილზე Ferrari 250 LM-ია, რომლის ღირებულებაც 36.3 მლნ დოლარია. ამ კუპეს 1965 წლის ცნობილი ლე-მანის 24-საათიანი რბოლა აქვს მოგებული. სპორტული ავტომობილის მხოლოდ 32 ეგზემპლარი იქნა წარმოებული და ეს შუაში ჩამონტაჟებული ძრავით ბრენდის პირველი სერიული მოდელი იყო. ის 3.3-ლიტრიანი V12-ძრავით არის აღჭურვილი და 320 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც 6.1 წამში 60 მილი/სთ-მდე აჩქარების საშუალებას იძლევა, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 180 მილი/სთ-მდე აღწევს. დიდი ხნის განმავლობაში, ავტომობილი ინდიანაპოლისის მუზეუმის კოლექციის ნაწილი იყო.

მესამე ადგილზე Ferrari Daytona SP3-ია, რომელიც ყველაზე ძვირადღირებული თანამედროვე სუპერმანქანაა. RM Sotheby's-ის საქველმოქმედო აუქციონზე ის 26 მლნ დოლარად გაიყიდა. ეს არის Ferrari Daytona SP3-ის ბოლო ეგზემპლარი, რომელიც უნიკალური ორფეროვანი საღებავითა და განსაკუთრებული ინტერიერით გამოირჩევა. 840 ცხენის ძალის მქონე V12-ძრავა მას 2.85 წამში 60 მილი/სთ-მდე აჩქარების საშუალებას აძლევს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 211 მილი/სთ-ია.

მეოთხეზე ლეგენდარული McLaren F1-ია, რომლის ღირებულებაც 25.32 მლნ დოლარია. ის თავის მემკვიდრეზე უფრო ძვირია. ეს ბრენდის პირველი სერიული მოდელი და 1990-იანი წლების ყველაზე სწრაფი მანქანაა. 6.1-ლიტრიანი 627 ცხენის ძალის მქონე BMW-ს მიერ აგებული V12-ძრავა 3.3 წამში 0-დან 60 მილი/სთ-მდე აჩქარების საშუალებას იძლევა, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 245 მილი/სთ, ანუ 386 კმ/სთ-ია. 1994 წლის McLaren F1 ერთ დროს ბრუნეის სულთნის ავტომობილების ცნობილი კოლექციის ნაწილი იყო. 2007 წელს ავტომობილს რესტავრაცია და მოდერნიზება ჩაუტარდა.

მეხუთე ადგილზე 25.305 მლნ დოლარის Ferrari 250 GT California Spider-ია, რომელიც კოლექციონერებს შორის მეტად ფასობს. ამ კაბრიოლეტიდან მხოლოდ 56 ეგზემპლარი იქნა წარმოებული. ეს კონკრეტული მანქანა Gooding Christie's-მა აუქციონზე გაყიდა და ორი სუპერმანქანიდან ერთ-ერთია, რომელსაც 280 ცხენის ძალის მქონე V12-ის ძლიერი ძრავა და მსუბუქი ალუმინის კორპუსი აქვს.

მე-6 ადგილზე Gordon Murray S1 LM დასახელდა. წარმოებული ხუთი კუპედან პირველი 20 მლნ დოლარად გაიყიდა. გორდონ მიურეიმ ეს მანქანა თავისი ყველაზე ცნობილი ქმნილების, McLaren F1-ის მემკვიდრედ შექმნა. თავისი ცნობილი წინამორბედის მსგავსად, სუპერმანქანა სამადგილიანი ინტერიერით, ცენტრში მძღოლის ადგილითა და ძრავის მოოქროვილი განყოფილებით გამოირჩევა. კომპანია Cosworth-მა სპეციალურად Gordon Murray S1 LM-ისთვის 4.3-ლიტრიანი V12-ძრავა შექმნა, რომელიც 700 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

მე-7 ადგილზე მიხაელ შუმახერის საჩემპიონო მანქანა, Ferrari F2001-ია, რომელიც მონაკოში 18.17 მლნ დოლარად გაიყიდა. სწორედ ამ მანქანით მოიგო გერმანელმა მრბოლელმა 2001 წლის მონაკოსა და უნგრეთის გრან-პრი, სადაც მეოთხე ჩემპიონობა ვადაზე ადრე გაიფორმა. მანქანა ახლახანს აღადგინეს და ამჟამად ექსპლუატაციაშია. 825 ცხენის ძალის V10-ძრავის მქონე 600 კგ-იან მანქანას სულ რაღაც 2 წამში 0-დან 62 მილი/სთ-მდე აჩქარება შეუძლია, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს 350 კმ/სთ-მდე (220 მილი/სთ-მდე) ავითარებს.

მერვე ადგილზე 1966 წლის სარბოლო ავტომობილი Ford GT40-ია, რომელიც ბრენდის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილია და 13.205 მლნ დოლარი ღირს. სპორტული ავტომობილი ლე-მანის 24-საათიან რბოლაში მონაწილეობდა, ხოლო სებრინგის 12-საათიან რბოლაში მეორე ადგილი დაიკავა. ეს დაბალი კუპე მასიური, 7.0-ლიტრიანი V8 ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 485 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 330 კმ/სთ-ის (208 მილი/სთ-ის) მაქსიმალურ სიჩქარეს ავითარებს. Ford GT40 დიდი ხნის განმავლობაში ინდიანაპოლისის საავტომობილო ტრასის სამუზეუმო ექსპონატი იყო, თუმცა მისი კოლექციის ნაწილი RM Sotheby's-ის აუქციონზე გაიყიდა.

მეცხრე ადგილზე McLaren MCL40A დასახელდა. ჯერ კიდევ წარუდგენელი ავტომობილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში აუქციონზე 11.5 მლნ დოლარად გაიყიდა. ავტომობილის დებიუტი მიმდინარე თვეში შედგება და ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონზე მიიღებს მონაწილეობას. თუმცა მფლობელი მას 2028 წლამდე ვერ მიიღებს, რომ მოდელის საიდუმლოებების ნაადრევად გამჟღავნება თავიდან იქნეს აცილებული. McLaren MCL40A ახალი ჰიბრიდული სისტემით არის აღჭურვილი, რომელიც 1.6-ლიტრიანი 545 ცხენის ძალის მქონე ტურბოძრავასა და 475 ცხენის ძალის ელექტროძრავას მოიცავს.

ტოპ 10-ულს Ferrari F40 LM ხურავს, რომელიც ლეგენდარული მოდელი და ენცო ფერარის სიცოცხლეში შექმნილი ბოლო მანქანაა. მისი ღირებულება 11.005 მლნ დოლარია. კუპეს 760 ცხენის ძალის შემსუბუქებული LM-ვერსია აქვს, რომელიც 3.1 წამში 60 მილი/სთ-ის სიჩქარეს ავითარებს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 225 მილი/სთ-ია. ასეთი მხოლოდ 19 მანქანა არსებობს.

www.bpn.ge