კრეატიულ სამყაროში საქმის აჩქარების ნებისმიერი ზრდა ხშირად ხარისხის ხარჯზე ხდება, რადგან ხარისხის გაუმჯობესება, როგორც წესი, მეტ დროს მოითხოვს. თუმცა გენერაციული AI-ს ინტეგრაცია სამუშაო პროცესებში ამ დილემას შლის. ამის მაგალითია Google-ის ყველაზე მოწინავე, ვიზუალის გენერირების მოდელის ინტეგრაცია Asset Studio-ში: Nano Banana Pro კრეატიულ გუნდებს ახალ „სუპერძალებს“ აძლევს.

ის განსაკუთრებით საინტერესოა CMO-ებისთვის, რადგან Nano Banana უბრალოდ პროგრამული განახლება არ არის, ეს ოპერაციული გარდატეხაა. ქვემოთ მოცემულია ოთხი გზა, თუ როგორ შეუძლიათ მარკეტინგის ლიდერებს AI-დან მეტი სარგებლის მიღება ბრენდინგის, სამუშაო პროცესებისა და კრეატივის მასშტაბირების გადახედვით.

  • შექმენი სწრაფად და მასშტაბურად – ბრენდის ფარგლებში

მარკეტინგის ლიდერებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ბრენდის მთლიანობაა. როგორ უნდა გაზარდო გენერაცია ისე, რომ არ დაკარგო ის ვიზუალური იდენტობა, რომლის შექმნასაც წლები მოანდომე?

დღეს კრეატიულ დირექტორებსა და სააგენტოებს შეუძლიათ Nano Banana Pro-ს დაეყრდნონ, რათა შეინარჩუნონ ბრენდის მთლიანობა და თავდაჯერებულად შექმნან ვიზუალური მასალები. ბრენდის გაიდლაინების გამოყენებით, არსებული აქტივებისა და განსაზღვრული ესთეტიკის ჩათვლით, მარკეტერები მოდელისთვის მკაფიო საზღვრებს აყალიბებენ. ეს CMO-ს საშუალებას აძლევს, ბრენდის სტრატეგია (მისია, ღირებულებები, ტონი) პირდაპირ კამპანიის ტექნიკურ არქიტექტურაში ჩააშენოს.

ამის შედეგად გუნდი გადადის გაფართოებულ მართვაზე, რაც უზრუნველყოფს, რომ მაღალი მოცულობის მასალის გენერირების შემთხვევაშიც კი, ყველა ნამუშევარი ბრენდის ფარგლებში დარჩება.

  • კრეატიული წარმოების ცენტრალიზაცია დროის შესამცირებლად

ტრადიციული სამუშაო პროცესი სწორხაზოვანია: ბრიფი → შექმნა → გადახედვა → გამოქვეყნება → ანალიზი. ეს მოდელი კი თანამედროვე მარკეტინგის მოთხოვნებისთვის ძალიან ნელია.

Asset Studio ქმნის ცენტრალიზებულ ჰაბს, რომელიც ამ სწორხაზოვან პროცესს აჩქარებს. გენერაციის, შეფასებისა და შესრულების მონაცემების ერთ სივრცეში თავმოყრით ციკლი მკვეთრად მოკლდება. შედეგად, დილით დაწყებული საქმით, შეიძლება შუადღეს უკვე მზად გქონდეთ კონტენტი, რომელზეც მთელ დღეს ან უფრო მეტსაც დაკარგავდით.

ეს ახალი, მოქნილი და ცირკულარული ოპერაციული მოდელი კრეატიულ გუნდებს ბაზრის სიგნალებზე დაფუძნებული მუდმივი იტერაციის საშუალებას აძლევს რეალურ დროში.

განავითარე პრომპტის შექმნის უნარები

არსებობს მცდარი წარმოდგენა, თითქოს AI კრეატივს სრულად ავტომატიზებულს ხდის. სინამდვილეში, გენერაციული AI კვლავ მოითხოვს მაღალი დონის შემოქმედებასა და გააზრებულ ჩართულობას. Nano Banana Pro იძლევა ზუსტ შედეგებს, თუმცა ამისთვის ხარისხიანი პრომპტის შეყვანაც არის საჭირო.

ეს კიდევ უფრო ზრდის კრეატიული დირექტორების როლს. პრომპტის დაწერა აღარ არის მხოლოდ საკვანძო სიტყვების ჩამოთვლა; ეს არის კომპოზიციის, განათების, ფორმატის თანაფარდობისა და ემოციური ეფექტის განსაზღვრა. „რა“ (თემა) სწორად უნდა დაუკავშირდეს – „როგორს“ (ესთეტიკურ შესრულებას). კარგი პრომპტის შექმნა მოითხოვს როგორც მოკლე ამბის მოყოლას, ასევე, სიტყვებით მდიდარი ვიზუალური სცენის დახატვას.

გუნდები, რომლებიც საკუთარ ხედვას ტექსტურად ყველაზე ზუსტად ჩამოაყალიბებენ, პრეზენტირებისას უფრო ეფექტურები იქნებიან. Nano Banana-ში მაღალი ხარისხის პრომპტის შეყვანა შედეგსაც მაღალი ხარისხისას იძლევა.

შექმენი ერთხელ, გამოიყენე ყველგან

თანამედროვე მრავალარხიანი კამპანია ათასობით ვერსიის, ზომისა და ფორმატის ლოგისტიკას მოითხოვს. ეს კი ბიუჯეტს აკლებს იმ რესურსებს, რომლებიც, წესით, სტრატეგიასა და ინოვაციას უნდა მოხმარდეს.

Nano Banana Pro ამ პრობლემასაც აგვარებს: ერთი მთავარი კონცეფცია მყისიერად შეიძლება გარდაიქმნას ყველა საჭირო ფორმატად, რეზოლუციად და თანაფარდობად. ეს აქრობს ზღვარს მედიადაგეგმვასა და კრეატიულ შესრულებას შორის.

ეს ნიშნავს, რომ გუნდი ნაკლებ დროს დახარჯავს JPEG-ების ზომის შეცვლაზე და მეტს – მომდევნო  სტრატეგიაზე.

დასკვნა

Nano Banana Pro-ს მსგავსი ინსტრუმენტების გამოჩენა მიანიშნებს, რომ მარკეტინგში მთავარი ბარიერი უკვე აღარ არის წარმოების სიმძლავრე.

CMO-ებისა და ტოპმენეჯმენტისთვის გზავნილი ნათელია: ეს ინსტრუმენტები უბრალოდ არ უნდა დანერგოთ – საჭიროა იმ აზროვნების გადახედვაც, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ისინი. ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ კულტურა, რომელიც თან ჩქარია, მონაცემებზე ორიენტირებულია და კრეატიულობაც არ აკლია, რათა AI მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტად არ დარჩეს და ადამიანურობა დაეტყოს.

www.marketer.ge