პლასტიკური ქირურგია, ერთ-ერთი გამონაკლისი დარგი იყო, რომელზე მოთხოვნა პანდემიის პერიოდშიც კი არ შენელებულა, პირიქით გაიზარდა. ეს ტენდენცია პანდემიის შემდეგაც გრძელდება. კლინიკა „ტოტალ შარმის“ ქირურგიულ პაციენტებთან კომუნიკაციის ხელმძღვანელი, მაკო ჯოლბორდი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა ლიპოსაქციასა და ლიპოსკულტურაზე, ასევე კვლავ აქტუალურია რინოპლასტიკა და მკერდის გადიდების ოპერაციები. 

ჩვენს მიერ გამოკითხულ კლინიკებში რინოპლასტიკის (ცხვირის პლასტიკა) ფასები - 2200-დან 8500 ლარამდეა, მკერდის პლასტიკის - 4500-დან 16 000-მდე, ლიპოსკულტურის - 12 000-დან – 16 000 ლარამდე.

„ჩვენს კლინიკაში სხვადასხვა პროფილის ქირურგიაა და აბსოლუტურად ყველა ოპერაციაზე არის სტანდარტულად მოთხოვნა. აქტუალურია ლიპოსაქცია, ლიპოსკულტურები, რინოპლასტიკა და მკერდის გადიდება, თავისთავად. ამ ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა ლიპოსკულტურა, ეს არის სხეულის მოდელირება, სკულტურინგი, რაც გულისხმობს ცხიმის ამოღებას პრობლემური ზონებიდან და მის გადანაწილებას, ანუ წელის დათხელება და დუნდულების და თეძოების გამოკვეთას“, - აცხადებს  „ტოტალ შარმის“ ქირურგიულ პაციენტებთან კომუნიკაციის ხელმძღვანელი, მაკო ჯოლბორდი.

მისი თქმით, ჰყავთ როგორც ქართველი, ისე უცხოელი პაციენტები. უცხოელ პაციენტებში ჭარბობენ - ისრაელის, უკრაინის, რუსეთისა და ამერიკის მოქალაქეები და ბოლო 2 წლის განმავლობაში ტენდენცია არსებითად არ შეცვლილა.

„ჩვენთან ყოველთვის თანამშრომლობდნენ ტურისტული კომპანიები და ყოველთვის გვყავდა უცხოელი პაციენტები. მონაცემი არ შეცვლილა, ქართველებიც არიან და უცხოელებიც. უცხოელებიდან ძირითადად მოგვმართავენ - ისრაელის, უკრაინის, რუსეთის, ამერიკის მოქალაქეები“ - ამბობს მაკო ჯოლბორდი.

პლასტიკური ქირურგის, გუგა კუზანოვის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, მათ კლინიკაში რუსი პაციენტების რიცხვი არ გაზრდილა, სტაბილურად, რა რაოდენობის პაციენტებიც ჰყავდათ რუსეთის ფედერაციიდან, ისევ ის ჰყავთ. ყველაზე დიდი მოთხოვნა კი რინოპლასტიკაზე - ცხვირის ოპერაციაზე, მკერდისა და მუცლის პლასტიკაზეა.

კლინიკა „კარაპს მედლაინში“ გვითხრეს, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა ცხვირის ოპერაციებზეა. ჩვენს კითხვაზე - უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა თუ არა მომართვიანობა რუსეთის ფედერაციიდან, არ გვიპასუხეს. გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.