საქართველოში გრიპის ვირუსი, კერძოდ კი A შტამი უჩვეულოდ ადრე, სექტემბერში გამოჩნდა. სწავლის დაწყების შემდეგ კლინიკებში ამ და სხვა ვირუსებით მიმართვიანობა მომატებულია. ამის შესახებ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში აცხადებენ.
მათი თქმით, გრიპით დაინფიცირების შემთხვევები ასეთ ადრეულ პერიოდში, შემოდგომის დასაწყისში უჩვეულოა და ეს ჩრდლოეთ ნახევარსფეროში არსებული მსგავსი ტენდენციის გამოძახილია. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ასევე ცირკულირებს რინო ვირუსი. ეს არის ე.წ. გაციების ვირუსი, რომელიც ყველაზე აქტიურად ცირკულირებს. ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის ინფორმაციით, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 69 % სწორედ რინო ვირუსია. ასევე ფიქსირდება კორონა ვირუსის შემთხვევები და მისი ხვედრითი წილი 13 %-ს აღწევს.
ექიმები გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის დასაწყისში ელოდებიან.
მათი რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა განსაკუთრებული სიფრთხილე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანამდე გამოიჩინონ. გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო სამკომპონენტიანი ვაქცინა შემოვა. ექიმების ინფორმაციით, ის მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულიაცია წლევანდელ სეზონზეა მოსალოდნელი. როგორც ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, ბე ტიპის ვირუსის ის შტამი, რომელიც ვაქცინიდან ამოღებულია, დიდი ხანია აღარ ცირკულირებს და, შესაბამისად, ის, რომ ვაქცინა სამკომპონენტიანი გახდა, ნაკლებ დაცულობას არ გულისხმობს.
მათი ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქვეყანაში ოქტომბრის პირველ ნახევარში დაიწყება.