საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განიხილეს.
პროექტის მიხედვით, კომისიას ექნება უფლებამოსილება, ბუნებრივი გაზის და წყლის ტარიფი მოხმარებული მოცულობის მიხედვით განსაზღვროს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებს გადასახდელი თანხა მოხმარების ოდენობის შესაბამისად განესაზღვრებათ - რაც უფრო მეტ მოიხმარენ, მით მეტს გადაიხდიან.
მომხსენებლის, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, მოქმედი რეგულაციის თანახმად, წყალმომარაგების ტარიფის დადგენისას კომისია უფლებამოსილია 2027 წლის 1 იანვრამდე წყალმომარაგების მომსახურების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლისთვის განსხვავებული პროპორციით გადაანაწილოს. კანონპროექტით, აღნიშნული თარიღი 2036 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს.
შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ცვლილების თანახმად, განისაზღვრება, რომ კომისია უფლებამოსილია წყალმომარაგების შემთხვევაში 2036 წლის 1 იანვრამდე, ხოლო ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ტარიფი, მოხმარებული მოცულობის გათვალისწინებით, 2038 წლის 1 იანვრამდე დაადგინოს. მისი განმარტებით, ცვლილების მიზანი მოქალაქეთა სოციალური ინტერესების დაცვა და ისეთი სამართლებრივი მექანიზმის შექმნაა, რომელიც ენერგორესურსების ეფექტიან გამოყენებას შეუწყობს ხელს.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა განხილული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს. კანონპროექტები პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.