თბილ და მლაშე წყლებში მომრავლებული ბაქტერიები შავი ზღვის შემდეგ სხვა ზღვებშიც გვხვდება. ექიმები მოქალაქეებს ზაფხულში სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. თურქეთის სანაპირო ზოლზე — მარმარილოს, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის პერიმეტრზე — მეცნიერებმა ვიბრიონების რამდენიმე სახეობა აღმოაჩინეს. მათ შორისაა Vibrio parahaemolyticus და Vibrio vulnificus. სპეციალისტების თქმით, ეს გარკვეულ რისკებს უკავშირდება.

ინფორმაციას თურქული გამოცემა Milliyet, სტამბოლის Florence Nightingale-ის საავადმყოფოს უროლოგ უგურ აფერინზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიკოსის განცხადებით, ზაფხულში ზღვის წყლებთან კონტაქტისას აუცილებელია სიფრთხილე. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი გახსნილი ჭრილობით შედის წყალში.

ვიბრიონი — ეს არის ბაქტერია, რომლებიც მლაშე, თბილ წყლებში მრავლდება. ევროპისა და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრებმა (ECDC, CDC) ჯერ კიდევ წარსულს გააფრთხილეს საზოგადოება, რომ ზაფხულში ბალტიის, ახლა კი უკვე შავი და ხმელთაშუა ზღვების სანაპიროებზე მათი გავრცელება მზარდია.

ეს სახეობა განსაკუთრებით სახიფათოა იმ ადამიანებისთვის, ვინც ჭრილობით შედის ზღვის წყალში. ბაქტერიამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ინფექცია, იშვიათ შემთხვევაში — სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, როგორიცაა ნეკროტიზირებელი ფასიიტი (ქსოვილების სწრაფი სიკვდილი ჭრილობის ირგვლივ).

აშშ-ის CDC-ის ცნობით, ამ ბაქტერიას ხშირად “ხორცის შემჭამელ ბაქტერიადაც” მოიხსენიებენ. მძიმე შემთხვევებში საჭიროა ინტენსიური თერაპია ან კიდურის ამპუტაცია. სტატისტიკურად, ინფიცირებულთა დაახლოებით 20% იღუპება.

ვიბრიოზის კიდევ ერთი გავრცელებული წყაროა საკვები. ადამიანთა უმრავლესობა ინფიცირდება მაშინ, როდესაც მიირთმევს უმ ან არასაკმარისად მოხარშულ ზღვის პროდუქტს, განსაკუთრებით — სრიდიებს (ოსტრებს).

ვიბრიოზის სიმპტომებია:

  • მუცლის ტკივილი
  • ღებინება
  • დიარეა
  • სიცხე

დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პირებში ინფექცია შესაძლოა გავრცელდეს სისხლში და გამოიწვიოს სეფსისი.

სპეციალისტები შემდეგ რეკომენდაციებს იძლევიან: ნუ შეხვიდებით ზღვაში ღია ჭრილობით; მოერიდეთ უმ ზღვის პროდუქტს; განსაკუთრებით — სრიდიებს; დაიცავით სანიტარული ნორმები.

ვიბრიონების გავრცელება კლიმატური ცვლილებების ფონზე მზარდი გლობალური პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების რისკი მაღალი არ არის, განსაკუთრებით სერიოზულად უნდა მიუდგნენ საფრთხეს ადამიანები, რომლებიც იმუნოკომპრომეტირებულნი არიან ან კანსა და ქსოვილებში დაზიანებები აქვთ.