ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხზე ,,კომერსანტი“ ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ესაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება მოსახლეობას არჩევანის წინაშე აყენებს - ან მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება ან ვიზალიბერალიზაცია. ბიზნესმენის შეფასებით, ასეთი მიდგომა შეურაცხმყოფელია. თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ მოსახლეობამ კატეგორიულად უნდა მოითხოვოს ხელისუფლებისგან, რომ მსგავსი არჩევანი არ დააყენოს და სამივე საკითხი უზრუნველყოს, რაც ქვეყანაში მშვიდობას, განვითარებას და უვიზო გადაადგილების არსებობას მოიცავს.
,,დღევანდელი ხელისუფლება ამბობს, რომ თუ არჩევანი დადგა ომს, კეთილდღეობასა და ვიზალიბერალიზაციას შორის ჩვენ ავირჩევთ ამ ორს. ჩვენი მოქალაქეების კატეგორიული მოთხოვნა უნდა იყოს, რომ არჩევანი არ უნდა დააყენონ პოლიტიკურმა მმართველებმა. ჩვენ გვინდა და გვჭირდება სამივე. ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს ის, რომ არავითარი არჩევანის დაყენების უფლებას არ ვაძლევთ მთავრობას. ჩვენ გვჭირდება სამივე: ვიზალიბერალიზაციაც, მშვიდობაც და ეკონომიური განვითარებაც. ეს მოთხოვნა უნდა შესრულდეს. ეს უნდა იყოს სამუშაო სრულიად ჩვენი პოლიტიკური მმართველების. სამივე უნდა შეასრულონ. ეს არის ვალდებულება ქვეყნის წინაშე, თავისი ამომრჩევლის წინაშე, იმიჯის წინაშე, ჩვენი განვითარების წინაშე. ჩემთვის მნიშვნელოვანია ადამიანი იყოს ბედნიერი და ამაყი. ეს ჩვენს ბედნიერებას და სიამაყეს თრგუნავს. ეს მსჯელობა არ არის სწორი. როდესაც ჩვენ დავდივართ თავისუფლად და ეს თავისუფლება შეიძლება დავდოთ რაღაც სულელურ განცხადებებზე - მშვიდობა გავცვალოთ ლგბტ იდეოლოგიაზე - რა არის ეს? რომელი საუკუნეა? რაზეა საუბარი? დამამცირებელია. მე არ ვაგებ პასუხს ყველა ბიზნესმენზე, მაგრამ ეს ბიზნესისთვის დამამცირებელია. ეს არის სიამაყის დამთრგუნველი. როდესაც ამ თემებზე საუბრობენ და უკვე კრიტიკა კი არ არის, გვეუბნებიან ქვეყნებში არ შემოგიშვებთ და ჩვენ მათ ვეჯიბრებით და ვეჯინიანებით. ეს არის შეურაცხყოფა ცოდნის, პოლიტიკური განათლების, თავმოყვარეობის და ყველაფერთან ერთად აღებული. ეს არ არის ეროვნული მიდგომა. ეს არის ჩამორჩენილი მიდგომა."- აცხადებს ბიზნესმენი.
თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა თავმოყვარეობის საკითხია. ბიზნესმენი განმარტავს, რომ ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნება საქართველოში სექსუალური უმცირესობების იდეოლოგიის პროპაგანდაზე არ გადის. მისივე თქმით, საკითხის ასე დაყენება არასწორი და მცდარია.
,,თავმოყვარეობის თემაც არის. გაქვს ვიზალიბერალიზაცია და გართმევენ. ამაზე ცუდი, უთავმოყვარეობა რა შეიძლება იყოს. წარმოიდგინეთ, არსებობს ქვეყანა, სადაც შენ არ შეგიშვებენ. ამაზე მეტი უთავმოყვარეობა რა არის? რა შუაშია არჩევანი? ვალდებულები არიან ქვეყნის წინაშე, რომ სამივე შესრულდეს. თუ მამულისშვილობის ვალდებულება არ არსებობს, პროფესიონალური ვალდებულება არსებობს. ამბობენ, რომ ჩვენ თავს გვახვევენ ლგბტ პროპაგანდას. შეიძლება, რომ თავს მოგახვიოს ვინმემ ის წესები, რომელიც შენ არ მოგწონს. ეს არის აგიტაციის თემა. ეს არის მცდარი იდეოლოგია.“- აცხადებს თემურ ჭყონია.