2025 წლის პირველ ნახევარში საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო ბრუნვა 19.1%-ით 456.9 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ცენტრალური აზიის ეს სახელმწიფო იმ ქვეყნების მცირე ჯგუფს განეკუთვნება, რომელთანაც საქართველოს დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს.

2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ყაზახეთში ექსპორტმა 414 მილიონი დოლარი შეადგინა, რითაც ყაზახეთმა რეიტინგში ყირგიზეთის შემდეგ მეორე პოზიცია დაიკავა. ყაზახეთში ექსპორტი წელს 17%-ით არის გაზრდილი.

იმპორტი კი 42.9 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 14 მილიონი დოლარით, ანუ 48%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, ყაზახეთთან საქართველოს 371 მილიონი დოლარის დადებითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა.

2025 წლის მდგომარეობით საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი ყაზახეთში არის მსუბუქი ავტომობილები, რომლის ექსპორტიც წელს 353 მილიონ დოლარს (20.2 ათასი ავტომობილი) შეადგენდა. წინა წელთან შედარებით ყაზახეთში ავტოექსპორტი 49 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. ყაზახეთში ექსპორტში მეორე ადგილს მინერალური წყლები იკავებს 15.6 მილიონი დოლარით, მესამე პოზიციაზე კი ქართული ლიმონათებია 12 მილიონი დოლარის ოდენობით.

ყაზახეთში ტოპ-5 საექსპორტო საქონელი 2025 წლის იანვარ-ივნისის მდგომარეობით:

  • მსუბუქი ავტომობილები - 353 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 16%;
  • მინერალური წყლები - 15.6 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 23%;
  • ლიმონათები, შაქრიანი გაზიანი სასმელები - 12 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 84%;
  • ღვინის ექსპორტი - 5.2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 1%;
  • ციანიდები - 3.1 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 118%;

ყაზახეთიდან საქართველოში 5 საიმპორტო საქონელი 2025 წლის იანვარ-ივნისში:

  • ხორბალი - 15.6 მილიონი დოლარი, წინა წელს აღნიშნული საქონელი ყაზახეთიდან შესყიდული არ ყოფილა;
  • შამპუნები და საშუალებები თმებისთვის - 2.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 131%;
  • ფეროშენადნობები - 2.4 მილიონი დოლარი, წინა წელს ყაზახეთიდან ეს საქონელი არ ყოფილა შესყიდული;
  • საფეიქრო ბამბა - 1.2 მილიონი დოლარი, წინა წელს ყაზახეთიდან ეს საქონელი არ ყოფილა შესყიდული;
  • არმატურა - 1.1 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 23%.

დღეს ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევთან.

ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, აგრეთვე ვაჭრობის სფეროში. ხაზი გაესვა საქართველოსა და ყაზახეთის სტრატეგიულ თანამშრომლობას ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიმართულებით. აღინიშნა, რომ 2024 წელს ორ ქვეყანას შორის სახმელეთო ტრანსპორტით თითქმის 1 მილიონი ტონა, ხოლო რკინიგზის მეშვეობით 2,7 მლნ ტონაზე მეტი ტვირთის ტრანსპორტირება მოხდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირების მდგრადობას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე როგორც სახმელეთო გადაზიდვების მიმართულებით, რომელიც ბოლო წლებში ზრდადი დინამიკით ხასიათდება, ისე ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის, შუა დერეფნის განვითარების კუთხით. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ამ დერეფანს აქვს განსაკუთრებული პოტენციალი როგორც ევროპასა და აზიას შორის სანდო და ეფექტურ სატრანზიტო მარშრუტს.

bm.ge