პოპულარული გასტრონომიული პლატფორმის, TasteAtlas-ის უახლესი რეიტინგის მიხედვით, „100 საუკეთესო ყველის სახეობა მსოფლიოში“ პირველ ადგილზე ბერძნული ყველი Graviera Naxou გავიდა.

რეიტინგი 37 ათასი მომხმარებლის შეფასებებს ეფუძნება. საუკეთესო ყველის მწარმოებელ ქვეყნებს შორის საბერძნეთთან ერთად დასახელდნენ იტალია, საფრანგეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია და პოლონეთი. სწორედ ამ ქვეყნების წარმომადგენელი პროდუქტები გადანაწილდა პირველ ათეულში.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს 100 საუკეთესო ყველის ჩამონათვალში საქართველოდან ორი სახეობის ყველი მოხვდა — ტენილი მე-17 ადგილზე, ხოლო სულგუნი 35-ე პოზიციაზე განთავსდა.

TasteAtlas-ის აღწერით, ტენილი უნიკალური ქართული ყველია, რომელსაც ძირითადად სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ამზადებენ. მისი წარმოება შესაძლებელია როგორც ძროხის, ისე ცხვრის რძისგან. განსაკუთრებულობას კი დამზადების ტექნოლოგია ანიჭებს — ყველის მასას ხელით მრავალჯერადად წელავენ თხელ ძაფებად, რის შედეგადაც ის გამორჩეულ ფორმასა და ტექსტურას იღებს.

პლატფორმის მიხედვით, ტენილის დამზადება დიდ შრომას მოითხოვს, რის გამოც მას ხშირად განსაკუთრებული დღესასწაულებისა და ტრადიციული სუფრებისთვის ამზადებენ.

რაც შეეხება სულგუნს, TasteAtlas მას სამეგრელოს რეგიონში წარმოშობილ ქართულ ყველად აღწერს. პლატფორმის ცნობით, სულგუნს აქვს ნაზი, მრავალფეროვანი გემო და ნახევრად მკვრივი ტექსტურა. მისი დამზადება შესაძლებელია ძროხის, კამეჩისა და თხის რძისგან, ან მათი ნაზავისგან.

რეიტინგის მიხედვით, სულგუნის გემო შესაძლოა განსხვავდებოდეს მისი სახეობის მიხედვით — მსუბუქი მჟავიანობიდან და პიკანტურობიდან დაწყებული, მლაშე და შებოლილი არომატით დასრულებული. ყველი ადვილად დნება, რის გამოც მას ხშირად იყენებენ პიცაში, სალათებსა და სხვადასხვა კერძებში.