საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, Marco Rubio მიწვევით ვაშინგტონში დაგეგმილ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტერიალი თემაზე — „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურება“ — აშშ-ის დედაქალაქში გაიმართება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრას მარკო რუბიო უმასპინძლებს და მისი მიზანია მონაწილე ქვეყნებთან ერთად პოლიტიკური ძალადობის ხელახალი ზრდის წინააღმდეგ ბრძოლის გზების განხილვა.
თავდაპირველად მინისტერიალზე დაახლოებით 60 ქვეყნის წარმომადგენლის მონაწილეობა იყო დაგეგმილი, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მაღალი ინტერესის გამო მონაწილეთა წრე გაფართოვდა. დამატებით მოწვეულნი არიან ქვეყნები, რომლებიც, ვაშინგტონის შეფასებით, „ულტრამემარცხენე ძალადობის მზარდ საერთაშორისო საფრთხესთან“ ბრძოლაში არიან ჩართული.
მინისტერიალი იმ ანტიტერორისტული სტრატეგიის ფონზე ტარდება, რომელსაც მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა Donald Trump მოაწერა ხელი. დოკუმენტი, თეთრი სახლის განმარტებით, ყურადღებას ამახვილებს იმ ძალადობრივი პოლიტიკური ჯგუფების გამოვლენასა და განეიტრალებაზე, რომლებსაც ადმინისტრაცია ანტიამერიკულ, რადიკალურ ტრანსგენდერულ ან ანარქისტულ იდეოლოგიებთან აკავშირებს, მათ შორის „ანტიფას“.
სტრატეგიის მიმართ კრიტიკა უკვე გამოითქვა. როგორც ABC წერს, ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაცია ზედმეტად კონცენტრირებულია ულტრამემარცხენე ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხეებზე.
ამავე დროს, Center for Strategic and International Studies-ის 2025 წლის კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში მემარცხენე ძალადობის შემთხვევები ბოლო ათწლეულში გაიზარდა, მათი მასშტაბი კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება მემარჯვენე ექსტრემისტებისა და ჯიჰადისტური ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობის ისტორიულ მაჩვენებლებს.
თეთრი სახლის განცხადებით, ახალი ანტიტერორისტული სტრატეგია ასევე ითვალისწინებს ძალადობის წამახალისებელი მემარჯვენე ჯგუფების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს.